იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემებსადა მოსამართლეთა კორპუსში არსებულ ვითარებაზე „ინტერპრესნიუსს" უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" აღმასრულებელი დირექტორი ლია მუხაშავრია ესაუბრა. მისი თქმით, პარლამენტს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები აქვს გასატარებელი.
„ჩემი აზრით, პარლამენტს გასატარებელი აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები. პირველ რიგში ეს გახლავთ ორგანულ კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ" ცვლილებების შეტანა, რისთვისაც გაცილებით მეტი ქვორუმია საჭირო, ვიდრე ჩვეულებრივ კანონში ცვლილებების შეტანა. ეს რომ მოხდეს, პარლამენტის შიგნით უნდა იყოს ამ საკითხზე ერთიანობა, რომ ეს ცვლილება განხორციელდეს. თანაც ცვლილება უნდა შევიდეს არა ერთ და ორ მუხლში - უნდა შეიცვალოს ამ ორგანოს ფორმირების წესი და ახალი წესით და ახალი პროცედურით უნდა შეიქმნას იმავე ფუნქციებით ახალი ორგანო, რაც დღეს აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. როცა ახალი ორგანო შეიქმნება, მხოლოდ შემდეგ, კანონმდებლობა ასეთია, შეწყვეტს თავის უდღეურ არსებობას დღევანდელი საბჭო.
სხვაგვარად მისი გარეკვა, დათხოვნა ან სხვა პროცედურით შეცვლა, შეუძლებელია, ვინაიდან ყველა ამგვარი ქმედება არალეგიტიმური იქნება. უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა სხვა გზა აღნიშნულთან მიმართებაში, ძალიან ცუდი სამართლებრივი შედეგების მომტანი იქნება ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის.
ორგანულ კანონში ცვლილებები რომ განხორციელდეს, „ოცნებას" და „ნაციონალებს" შორის შეთანხმება უნდა შედგეს. ამის მიღწევა დღეს დაუჯერებელი მეჩვენება. ჩემი აზრით, საზოგადოების პროგრესულ ნაწილს, რომელიც ამ პროცესს ხედავს და ღია ომს უცხადებს, ერთადერთი გამოსავალი აქვს - 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რათა ვაიძულოთ ახალი პოლიტიკური ძალები, რომლებსაც უნდათ პარლამენტში მოხვედრა, თავიანთ პროგრამაში ძალიან მკაფიოდ გვითხრან, რომ ამას გააკეთებენ და ასევე გვითხრან - როგორ. მე წელს არ მაქვს იმის იმედი, რომ იუსტიციის საბჭო წავა და მივიღებთ ახალს, რომელიც არსებულ უმსგავსობას შეაჩერებს. ამ პროცესს თუ თუნდაც ერთი წელი დასჭირდება, ეს იქნება დიდი უბედურება, ვინაიდან ამ პერიოდში გამოცხვებიან „სამიდღემჩიოდ" დანიშნული ახალგამომცხვარი მოსამართლეები, რომლებსაც შემდეგ ძვრასაც ვერ ვუზამთ", - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.
წყარო: „ინტერპრესნიუსი"