საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტზე „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ იდეაში ბევრი რამე დასახვეწია. პარლამენტარი ასეთი ფორმით ამ კანონპროექტის მიღებას სწორად არ მიიჩნევს.
„ზოგადად კანონპროექტში აუცილებლად უნდა დაკონკრეტდეს, რას გულისხმობს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. ეს არის სიძულვილი ენით საუბარი? კონკრეტული გამოხატვის უფლება? თუ რა იგულისხმება მასში? რამდენადაც ვიცი, ამ საკითხზე ადამიანთა უფლებათა კომიტეტში მუშაობა მიმდინარეობს, იურიდიულ კომიტეტშიც გაგრძელდება და ალბათ, უფრო კონკრეტულ დასკვნამდე მივალთ. აზრსა და იდეაში, რა თქმა უნდა, ვეთანხმები, რომ უნდა შეწყდეს ამგვარი მიმართვები და ასეთი შეურაცხმყოფელი გამოთქმები ამა თუ იმ სასულიერო პირისა თუ თვითონ რელიგიური მიმდინარეობის მიმართ. კიდევ ვიმეორებ, ეს საკითხი უფრო კონკრეტულ დასაბუთებას საჭიროებს, ეს საკმაოდ მძაფრი თემაა და უფრო მეტ დახვეწას ითხოვს", - აცხადებს ქანთარია.