reportiori.ge - „ვიდრე ზურას მოკლავდნენ, სააკაშვილსა და ჟვანიას შორის ძალიან დაძაბული ურთიერთობა იყო“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:10
პრეს-დაიჯესტი
„ვიდრე ზურას მოკლავდნენ, სააკაშვილსა და ჟვანიას შორის ძალიან დაძაბული ურთიერთობა იყო“
ავტორი:
05 თებერვალი, 2016. 02:53



11 წელი გავიდა უკვე ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას ბურუსითმოცული გარდაცვალებიდან. 2005 წლის 3 თებერვალს იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი კონსპირაციულ ბინაში საბურთალოს ქუჩის 53-ე ნომერში, თანაგუნდელ რაულ იუსუპოვთან ერთად, გარდაცვლილი იპოვეს.


გარდაცვალების დღესვე ნათქვამი ვერსია, რომ ისინი ბუნებრივი აირის გამო გაიგუდნენ, წინა ხელისუფლების პირობებში მთავარ ვერსიად დარჩა, თუმცა საქმის გამოძიება ბოლომდე ვერ მივიდა. ახალმა ხელისუფლებამ პირველი საქმე, რომლის გახსნაც დააანონსა, სწორედ ჟვანიას გარდაცვალების საქმე იყო, თუმცა დღემდე არაფერი გარკვეულა, მიუხედავად იმისა, რომ ჟვანიას დაცვის ორი წევრი ხარშილაძე და ძაძამია სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით გაასამართლეს. გთავაზობთ ამონარიდებს "კვირის პალიტრის" საარქივო მასალებიდან, ანუ ვინ რას ამბობდა სხვადასხვა დროს ჟვანიას საქმეზე:


გია ბარამიძე, ზურაბ ჟვანიას ყოფილი თანაგუნდელი:

- როგორ უნდა დაიჯეროს ადამიანმა ვიღაცების ნაბოდვარი, რომ ჟვანია მოკლეს და მერე ყუთით სადღაც ბარამიძემ მიიტანა. ეს რომ მონაბოდია, მთავარმა პროკურორმაც დაასაბუთა. გამოძიების დასრულებას მოუთმენლად ველოდები, შემდეგ ბევრ რამეზე შეგვიძლია ვისაუბროთ.  ჩვენი ხელისუფლებიდან არავის უმტკიცებია, ჟვანია უბედური შემთხვევის გამო დაიღუპაო. გამოძიება მუშაობდა, რომ დაედგინა, რა მოხდა იმ დღეს.


- როგორ არ უთქვამთ, ჟვანიას გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში მერაბიშვილმა საჯაროდ განაცხადა, საქმე უბედურ შემთხვევასთან გვაქვსო. სააკაშვილსაც არაერთხელ უთქვამს ეს.


- ისინი მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ და მეტი ინფორმაცია ჰქონდათ, ამიტომ აძლევდნენ თავს უფლებას, ასეთ დეტალებზე ესაუბრათ. მე თუ მკითხავთ, მსგავსი განცხადებების გაკეთება არასწორი იყო, რისთვისაც დასავლეთისგან საყვედური არაერთხელ მიგვიღია.

არასდროს მიმტკიცებია, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა, თუმცა არც იმის საფუძვლიანი ეჭვი მქონია, რომ ვინმესთვის ხელი დამედო. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ვერსიას კატეგორიულად გამოვრიცხავ. საბურთალოზე ჟვანია გარდაცვლილი ვნახე, მანამდე რა მოხდა, ეს მხოლოდ მკვლელმა იცის. თუმცა ის საკითხები, რაც ეჭვს ბადებს, შეიძლება სულაც არ უკავშირდებოდეს მკვლელობის ვერსიას.


ირაკლი კაკაბაძე, პუბლიცისტი:

- არავითარ პიკანტურ დეტალებს მნიშვნელობა არ აქვს, აქ პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ზურაბ ჟვანია მოკლეს ფინანსურ-ეკონომიკური ინტერესების გამო და ხარშილაძისგან "კაგებეშნიკური" ვერსიების ლაპარაკი უნამუსობაა. მე სააკაშვილის ბიძას თემურ ალასანიას პირდაპირ ვერ დავადებ ხელს, თუმცა ვამბობ, რომ მას, ერიკ გუდისთან ერთად, ჰქონდა ფინანსური ინტერესები, რომლის განხორციელებაშიც ზურაბ ჟვანია ხელს უშლიდა. უშუალოდ მკვლელობაში მიშა სააკაშვილისა და მისი ბიძის მონაწილეობაზე მე ვერაფერს ვიტყვი, ეს გამოძიების საქმეა. რაც შეეხება ერიკ გუდისს, მან ჟვანიას გარდაცვალებამდე, 2005 წლის იანვარში დამირეკა და დაიმუქრა, რომ ჟვანიას მოიცილებდნენ. ერთ თვეში მოკლეს ზურაც. გუდისი ძალიან დაახლოებულია ვლადიმერ პუტინთან და დღესაც იარაღის უკანონო ვაჭრობაშია ჩართული. გუდისს უტენდეროდ უნდოდა თბილისის აეროპორტის ხელში ჩაგდება, რაშიც ჟვანიამ შეუშალა ხელი და სწორედ ამის გამო მოიშორეს ზურა.


 

იაშარ იუსუპოვი, რაულის მამა:


- იმ აზრს ვერავინ შემაცვლევინებს, რომ ეს იყო მკვლელობა. ჩვენ ამას ველოდით, ჯერ კიდევ ჟვანიასა და რაულის დაკრძალვამდე ავრცელებდნენ ამ ინფორმაციას - გვირეკავდნენ ფარული ნომრებიდან, ამა და ამ მდგომარეობაში ნახესო. როცა ვინაობას ვეკითხებოდი, ტელეფონს მითიშავდნენ. ამ ზარების ავტორები მაშინდელი სპეცსამსახურები თუ არა, სხვა ვინ უნდა ყოფილიყვნენ?


 

ხათუნა ხოფერია, ზურაბ ჟვანიას ყოფილი გუნდის წევრი:


- ეჭვი არ მეპარება, ზურა მოკლულია. ტუჩთან ჰქონდა ნაჭდევი, რომელიც არ შეიძლება, სიკვდილის შემდეგ იყოს მიღებული, თავის ქალაზე აღენიშნებოდა ჰემატომა... ხარშილაძეს კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონი აქვს შეჭმული, რაც წინა ხელისუფლებამ აპატია იმისთვის, რომ ახლა ეს სიბინძურე ეთქვა. დიახ, ხარშილაძემ ჟვანია 8 მილიონად გაყიდა. ეს საქმე სააკაშვილის თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია და მას წერტილს დაუსვამს.


მარინა მოლოდინი, ზურაბ ჟვანიას ყოფილი გუნდის წევრი:

 

- იმხანად, ვიდრე ზურას მოკლავდნენ, სააკაშვილსა და ჟვანიას შორის ძალიან დაძაბული იყო ურთიერთობა. ამას აშკარად ვგრძნობდით, მაშინ ხომ ბურჯანაძის, სააკაშვილისა და ჟვანიას გუნდი ერთი პოლიტიკური ძალა იყო, თუმცა ჩვენ ჩუმად და დამოუკიდებლად დავიწყეთ ოფისის ხარჯების დაფარვა, დაცვასა და ყარაულს ფარულად ვუხდიდით თანხას, რადგან ეს ადგილი ცალკე შეხვედრებისთვის გვჭირდებოდა.


სააკაშვილს ძალიან აწუხებდა ზურას მზარდი რეიტინგი და ისიც, რომ ბევრ საკითხში პრემიერი მას სერიოზულ წინააღმდეგობას უწევდა. არ ვიცი, რას მოჰყვა ბოლოს მათი დაპირისპირება, თუმცა დარწმუნებული ვარ, მათ შორის წაკამათება სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.


ეს არ იყო დაგეგმილი მკვლელობა, რადგან მისი სიკვდილის შესახებ მწყობრი ვერსიის დალაგება ძალიან გაუჭირდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას მოახერხებდნენ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016