საჯარო რეესტრი პარტნიორთა კრების მიერ „მაესტროს" გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებულ ბაია გადაბაძის მოთხოვნას, სავარაუდოდ, დღეს განიხილავს. გადაბაძე მოითხოვს, რომ საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრიროს „მაესტროს" გენერალური დირექტორის ცვლილება იქამდე, ვიდრე პროცესთან მიმართებაში გარკვეული დეტალი ბოლომდე არ გაირკვევა.
„ძმები გაჩეჩილაძეები ტელეკომპანიაში სამუშაოდ ვერ შევლენ, რადგან შენობა მათი საკუთრება არ არის. შენობა მაკა ასათიანს ეკუთვნის.
ეჭვი მაქვს, რომ კონკრეტული გავლენის მოპოვების მცდელობას უკავშირდება ეს ყველაფერი. ეს გავლენები შეიძლება იყოს პოლიტიკური, რადგან საარჩევნო წელია. თუ სტუმრად მოვა გადაცემაში ან ჩემთან მოვა სალაპარაკოდ, მას შემოუშვებენ, თუმცა, თუ ის შემოვა შენობაში, რომელიც მას არ ეკუთვნის, ტელევიზიის სამართავად, ეს უკანონო იქნება და იმედი მაქვს, არ წავა ამაზე ბატონი ლევანი", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.
ბაია გადაბაძე „მაესტროს" პარტნიორთა კრებამ გუშინ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა. არხის საკონტროლო პაკეტის მფლობელის, გია გაჩეჩილაძის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობას მისი ძმა ლევან გაჩეჩილაძე დაიკავებს.
მოამზადა ნათია ცუხიშვილმა