„ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანია „მაესტროს" გენერალურ დირექტორად ოფიციალურად, მომავალ კვირას დარეგისტრირდება და ამაში ბაია გადაბაძის განცხადება ხელს ვერ შეუშლის", - ამის შესახებ „მაესტროს" 55%-იანი წილის მფლობელის გია გაჩეჩილაძის ადვოკატი ირაკლი კორძახია აცხადებს. როგორც კორძახიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სწორედ ამის შემდეგ შეუდგება ლევან გაჩეჩილაძე საქმიანობას.
„ამჟამად ლევან გაჩეჩილაძე „მაესტროს" თანამშრომლებისთვის უკვე დირექტორია, მესამე პირებისთვის, მათ შორის ბანკებისთვის კი, ის დარეგისტრირების შემდგომ ჩაითვლება დირექტორად.
რეგისტრაციას გარკვეული პროცედურები სჭირდება. ჯერ საჯარო რეესტრმა უნდა დაარეგისტრიროს, შემდეგ კი - მისმა მეურვემ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაამოწმოს რეგისტრაცია. ამის შემდეგ, ლევან გაჩეჩილაძე მესამე პირებისთვისაც გახდება „მაესტროს" გენერალური დირექტორი", - აღნიშნა კორძახიამ და განმარტა, რომ ეს პროცედურები 17 თებერვლამდე, კრედიტორთა კრებამდე უნდა მოესწროს.
ირაკლი კორძახიას განცხადებით, დარეგისტრირების შემდეგ, ლევან გაჩეჩილაძე სასამართლოს მიმართავს, რომ მაკა ასათიანის სარჩელის წარმოება ტელეკომპანიის გადახდისუუნაროდ გამოცხადებასთან დაკავშირებით შეწყვიტოს, რა პროცედურაც კრედიტორთა კრებამდე უნდა განახორციელოს.