ტელეკომპანია „მაესტროს" ერთ-ერთი მეწილის მაკა ასათიანის ადვოკატი გიორგი გვენეტაძე გია გაჩეჩილაძის ადვოკატს პასუხობს.
„გვინდა, გამოვეხმაუროთ გიორგი გაჩეჩილაძის ადვოკატის განცხადებებს, რომელმაც შესაძლოა, გამოიწვიოს გაურკვევლობა და საზოგადოებას მკაფიოდ განვუმარტოთ რამდენიმე სამართლებრივი საკითხი.
„მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლებამოსილება აქვს დირექტორს.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობა გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში.
სადავო არ არის, რომ ამჟამინდელი მდგომარეობით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებით, შპს „სტუდია მაესტროს" დირექტორად რეგისტრირებულია ეთერ გადაბაძე.
დასახელებული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია.
ამდენად, ვიდრე რეესტრში არ მოხდება შესაბამისი ცვლილების შეტანა, ბატონი ლევან გაჩეჩილაძე ვერ ჩაითვლება დირექტორად ვერც „მაესტროს" თანამშრომლებისთვის და ვერც ბანკებისა და სხვა მესამე პირებისათვის.
ასევე განვმარტავთ, რომ ეთერ გადაბაძის მიერ შპს „სტუდია მაესტროს" პარტნიორებთან გაფორმებული შრომითი კონტრაქტის 1.4. პუნქტის თანახმად (სხვა პარტნიორებთან ერთად ამ კონტრაქტს ხელს აწერს გიორგი გაჩეჩილაძეც), გარდა წესდებისა და შინაგანაწესისა, მხარეთა შორის ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს შრომის კოდექსითაც.
ამდენად, მცდარია გამოთქმული მოსაზრება დირექტორის მიმართ შრომის კანონმდებლობის არგავრცელების შესახებ და ბაია გადაბაძის გადაწყვეტილება გაფიცვის თაობაზე ემყარება სწორედ ზემოთ მითითებულ საფუძველს.
აქვე კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება სასამართლოში დაიწყო თავად შპს „სტუდია მაესტრომ" და არა მაკა ასათიანმა, როგორც ამას მცდარად უთითებენ ოპონენტები.
მაკა ასათიანი ამ საქმეში მონაწილეობს მხოლოდ ერთ-ერთი კრედიტორის სტატუსით", - ნათქვამია მაკა ასათიანის ადვოკატის განცხადებაში.
მოამზადა ნათია ცუხიშვილმა