NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის მიერ სირიაში განხორციელებული ავიადარტყმები ხელს უშლის სამშვიდობო პროცესს.
მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მხარს უჭერს სირიის კრიზისის პოლიტიკური გზით გადაჭრას, თუმცა, რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშები მსგავსი პოლიტიკური გამოსავლის პოვნას ხელს უშლის.
სირიის კრიზისთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანატოლი ანტონოვმა განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ დასავლელ კოლეგებს სირიაში ერთობლივი ქმედებების შესახებ საკონსულტაციო ცენტრის გახსნა შესთავაზა, თუმცა, აშშ-მა უარი განაცხადა.
პარალელურად, სირიის კრიზისის გადაჭრის გზებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შეჩერდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მოლაპარაკებების შეჩერებაში ბრალი სირიის ოპოზიციას მიუძღვის. თუმცა, აშშ-ში მიიჩნევენ, რომ მოლაპარაკებების გადადების მიზეზი სირიაში რუსეთის ქმედებები გახდა.