„ვნანობ, რომ მეტი დრო არ დავუთმე მუსიკასა და ხელოვნებას"-, აცხადებს თემურ წიკლაური „Palitra TV"-ს რუბრიკაში „ბლიცინტერვიუ".
„ბოლო 3-4 წლის განმავლობაში დაახლოებით 20 ახალი სიმღერა მაქვს ჩაწერილი. მეუბნებიან, ამდენი კონცერტი არ არის და რატომ წერ სიმღერებსო. ჩემი პასუხი შემდეგია, კომბლეც თლიდა კომბლებს და ჭერში ალაგებდა, იქნებ გამომადგესო. მეც ვწერ და ეს სტიმულს მაძლევს.
მინდა, როგორმე ჩემი თავი შევიმეცნო, ძალიან მაინტერესებს, რა მინდა დედამიწაზე.
ვნანობ, რომ მეტი დრო არ დავუთმე მუსიკას (უფრო საოპეროს) და ხელოვნებას, ძალიან ვნანობ.
საკურთხეველში შესვლა სულის ძალიან დიდი შფოთვაა, ხოლო იქ ყოფნა არის სიმშვიდე. ალბათ ყველაზე დიდი სიმშვიდე იქნება, თუ შეგნებულად შევძლებ მისვლას და შებრძოლებას იმ შეუცნობელთან, რასაც გარდაცვალება ჰქვია, გონით მისვლა და არა შიშით. საშიში არაფერია.
მომავალ თაობას ვურჩევდი, ნუ დაწყვეტთ გულს უფროს თაობას და სხვაგან ნუ მოძებნიან ნურაფერს, შექმნან აქ. ჩვენ ვართ არაჩვეულებრივი კულტურის მატარებლები და გვაქვს არაჩვეულებრივი ენა", - თემურ წიკლაური.
წყარო: „Palitra TV"
მოამზადა სოფო ხუგოიანმა