„მაესტროს" ჟურნალისტებს წარმატებას ვუსურვებ,- ასე უპასუხა ტელეკომპანია „მაესტროს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბაჩო კიკაბიძემ 2030-ის კითხვას, რას სთავაზობს იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ახლა „მაესტროზე" მუშაობენ.
„ამ ეტაპზე „მაესტრო 24" რამდენიმე საკაბელო არხში ვრცელდება. ვზრუნავ, რომ ყველა საკაბელო ქსელში ჩაერთოს და რეგიონებშიც გავრცელდეს. სურვილი მაქვს, ვიყოთ რამდენიმე სატელიტზე, რითაც სიგნალის დისტრიბუცია უფრო ადვილია. შენობა, სადაც ვიმყოფებით, მაკა ასათიანის კომპანიის საკუთრებაა. საცდელი ეტაპისთვის დიდი ფინანსები საჭირო არაა",-აღნიშნა გადაცემა 2030-ში „მაესტროს" ერთ-ერთმა დაფუძნებელმა, ბაჩო კიკაბიძემ.
კიკაბიძემ აღნიშნა, მისი გენერალური დირექტორობის პერიოდში არსებობდა დოკუმენტი, რითაც გია გაჩეჩილაძეს გარკვეული პერიოდის შემდეგ, 25 %-იანი წილი „მაესტროს" ძველი დამფუძნებლებისთვის უნდა გადაეფორმებინა.
„ერთი წლის განმავლობაში, გენერალური მინდობილობა მე მქონდა და ყადაღა რომ მოხსნილიყო, გაჩეჩილაძის გარეშე მისი წილების გასხვისების უფლებაც მქონდა. ასეთ კონტრაქტს ხელი რატომ მოაწერა, თავად უნდა თქვას. ყველა დოკუმენტი სასამართლოშია და ვის რა წილი აქვს, ამას სასამართლო დაადგენს",-აღნიშნა კიკაბიძემ.