თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილთან და საბურთალოს რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად, ნუცუბიძის ქუჩის N14ბ-ს მიმდებარედ ახალი სკვერისა და სათამაშო მოედნის მშენებლობა დაათვალიერა.
ამ ტერიტორიაზე რამდენიმე ახალაშენებული კორპუსების მცხოვრებლებმა სკვერისა და სათამაშო მოედნების მოწყობის თხოვნით თბილისის მერს დავით ნარმანიას გასულ წელს მიმართეს. თუმცა, მაშინ გაირკვა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი კერძო საკუთრებას წარმოადგენდა. მერიასა და მესაკუთრეს შორის კონსტრუქციული მოლაპარაკებების შედეგად, მიწის ნაკვეთი ადგილმონაცვლეობის პრინციპით, თვითმმართველის საკუთრებაში გადავიდა. პროცედურების დასრულების შემდეგ საბურთალოს რაიონის გამგეობამ საპროექტო სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე ობიექტზე სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისის მერის განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე არ იყო სკვერი, არც დასასვენებელი და გასართობი სივრცე.
„შარშან ადგილობრივ მოსახლეობასთან გვქონდა შეხვედრა. დავპირდით მათ ამ საკითხის მოგვარებას. წელს, როგორც კი ახალი ბიუჯეტი დამტკიცდა და შევძელით საბიუჯეტო სახსრების გამოყენება, დავიწყეთ ტერიტორიის კეთილმოწყობა. გარდა ამისა, აქ მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და გაკეთდება კორპუსებთან შემოსასვლელი გზა",- განაცხადა დავით ნარმანიამ.
პროექტის მიხედვით, 600მ2-მდე ტერიტორია გამწვანდება, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, დაიდგმება საბაღე ინვენტარი, ასევე სავარჯიშო ტრენაჟორები. გათვალისწინებულია საბავშვო მოედნის მოწყობაც. ახალ სკვერში დამონტაჟდება დეკორატიული განათებაც.
პროექტს კომპანია „ჯეო პარკი" ახორციელებს.