reportiori.ge - გედევან ფოფხაძე: ცოტა უფრო მკაცრად უნდა მოვექცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც საარჩევნო პროცესს ხელს უშლიან!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:21
ინტერვიუ
გედევან ფოფხაძე: ცოტა უფრო მკაცრად უნდა მოვექცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც საარჩევნო პროცესს ხელს უშლიან!
06 თებერვალი, 2016. 16:18


ჰააგის სასამართლომ პროკურორ ფატუ ბენსუდას 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენების გამოძიების უფლება მისცა. რა შედეგებს უნდა ველოდოთ აღნიშნული გამოძიებიდან და არსებობს თუ არა იმედი, რომ ჰააგის სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს - ამის შესახებ „რეპორტიორს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე ესაუბრა:


- არამარტო ეროვნული მართლმსაჯულების სისტემები, არამედ საერთშორისო სისტემებიც არიან დაფუძნებული გარკვეული მტკიცებულებების ერთობლიობაზე და გადაწყვეტილებებსაც ასე იღებენ. ამ პროცესებში რთულია იმ მტკიცებულებების შეგროვება, რომელიც სრულ სურათს შეუქმნიდა ნეიტრალურ მხარეებს იმის თაობაზე, რაც მოხდა. ჩვენთვის კითხვის ნიშნები არ არსებობს, ყველაფერი ჩვენს თავზე განვიცადეთ და ვიცით, რომ ვართ დაზარალებული მხარე, რუსეთი კი - დამნაშავე მხარე. ეს ჩვენი ტერიტორიაა, ძირძველი ქართული მიწა და საქართველოს იურისდიქციასთან მიმართებაში, ამ ტერიტორიებზე არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს. საქართველო საერთაშორისო ტერორისტული სახელმწიფო არ არის, რომ რუსეთი შემოსულიყო, ჩვენი დაბომბვა დაეწყო და ამაში რაიმე ლოგიკა ყოფილიყო. მაინც იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით არ ექნება კითხვები და შეგროვდება მტკიცებულებები, რათა ჰააგის სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს.


- იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ ქართულ მხარეს საკმარისზე მეტი მტკიცებულება აქვს...


- ამაში ეჭვიც არ მეპარება, უბრალოდ, ზოგადად ვიცი, რომ ამ პროცესებში ყოველთვის უფრო მეტია საჭირო, ვიდრე რეალურად გაგაჩნია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მხარე ძალიან ღირსეულად წარსდგება, უბრალოდ, ის, რაც ჩვენთვის ორჯერ ორია, ამაზე რუსეთი ყოველთვის აღწევდა, რომ საკითხი შემოებრუნებინა და კითხვები გაჩენილიყო. ეს ფაქტორი, ბუნებრივია, ნებისმეირ ჩვენგანზე უარყოფითად აისახება და ადამიანს ობიექტური გადაწყვეტილების მიღების იმედი გეკარგება. თუმცა, ჰააგის სასამართლოსთან მიმართებაში ჯერჯერობით ასეთი განწყობა არ მაქვს.

 

- რამდენადაც ცნობილია, რუსეთმა ჰააგის სასამართლოს ტალიავინის კომისიის დასკვნა წარუდგინა, სადაც წერია, რომ ომში დამნაშავე იყო ორივე მხარე. რამდენად იმოქმედებს აღნიშნული დასკვნა საბოლოო შედეგზე?


- ზუსტად ამას ვგულისხმობდი, რომ როდესაც ომი იწყება, ყოველთვის არის შესაძლებლობა მხარეების მხრიდან, რომ მეორე მხარეს გადააბრალოს მომხდარი. რუსეთი ასეც იქცეოდა მთელი ამ დროის მანძილზე და ცდილობდა, რომ ქართული მხარე დაედანაშაულებინა ამაში. რაც არ უნდა მომხდარიყო მაშინ, თუნდაც თეორიულად რომ დავუშვათ, რომ ქართული მხარე მართლაც აჰყვა გარკვეულ პროვოკაციებს და მისი მხრიდანაც იყო ისეთი ნაბიჯები, რომლებიც სჯობდა, არ გადადგმულიყო, რეალობა ისაა, რომ ჩვენ პასუხს მაინც ვერ მოვთხოვთ წინა ხელისუფლებას, რადგან არ შეიძლება ერთი მხარე მეორეს მუდმივად ბომბავდეს და მეორე მხარემ პასუხი არ გასცეს. არ მიმაჩნია დასაძრახად, რომ იყო სამხედრო მცდელობა ვითარების გამოსასწორებლად. ვთვლი, რომ სააკაშვილი სამარცხვინო სარდალი და სამარცხვინო პიროვნებაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე არ მივიღებდი მასთან ერთად ომში მონაწილეობას, თუ გამიწვევდნენ. ვფიქრობ, ასეთ ვითარებაში, ყველა ხელისუფალის ვალდებულებაა, დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა. რაც იქ ხდებოდა, არ შეიძლება, ამაში საქართველო გამტყუნდეს. რუსეთი მუდმივად პროვოკაციულ ნაბიჯებს ახორციელებდა და დღესაც ფაქტობრივად იმავეს აკეთებს, როდესაც საოკუპაციო ხაზს ნელ-ნელა სწევს ჩვენს საწინააღმდეგოდ. შესაძლოა, უპრიანი იყოს, რომ ამას არ აჰყვე. მაგრამ, წინა ხელისუფლების გამტყუნება, რომ მან თავისი ვალდებულების შესრულება სცადა, სწორად არ მიმაჩნია.

 

- სერგეი ლავროვმა რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილი „საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევაში" დაადანაშაულა. მისი თქმით, „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გარდა, რუსეთს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა".


- ჩვენ შესაძლოა გვყავდეს კარგი და ცუდი ხელისუფლებაც. მე ცუდი ხელისუფლება მყავს თუ კარგი, ეს რუსეთს უფლებას არ აძლევს, მოვიდეს და დამბომბოს. სააკაშვილის ავკარგიანობა ქართველი ხალხის გადასაწყვეტია და არა ლავროვის ან პუტინის. მიმაჩნია, რომ მიუხედავად ყველაფრისა, უნდა ვეძებოთ საერთაშორისო კავშირები რუსეთთან და არ უნდა იყოს საქართველოში განწყობა, რომ რადგან რუსეთი მტერია, მასთან მოლაპარაკება არ შეიძლება. ყოველთვის უკეთესია დიპლომატიის უკანასკნელი რესურსის გამოყენება, ვიდრე ომი და დაპირისპირება ვინმესთან.


- სერგეი ლავროვი რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე საუბრობს. როგორია თქვენი დამოკიდებულება და ზოგადად, შესაძლებელია თუ არა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა მანამ, სანამ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია არ მოხდება?


- აქ ორი ფაქტორია და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ამ ორმა ფაქტორმა ერთმანეთი არ გადაკვეთოს. ერთი არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც ჩვენთვის არსებითია. მაგრამ, არის მეორე მხარეც, დიპლომატიური ურთიერთობების არქონა და დაძაბულობის ისეთი რეჟიმი, რომელშიც ჩვენ დღეს რუსეთთან ვიმყოფებით. ეს სიკეთეს არც საქართველოს აძლევს და არც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან არის დაკავშირებული. თუ გვინდა, რომ შევდგეთ, როგორც სახელმწიფო, ყველა დიპლომატიური რესურსი უნდა გამოვიყენოთ. ეს ორი საკითხი ისე უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, რომ ქვეყანამ მიიღოს სარგებელი და არა ზიანი. უნდა ვეძებოთ რუსეთთან ურთიერთობის გზები, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთში იმყოფება და მათთან გვჭირდება ისეთი ურთიერთობა, რომ საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი უფლებების დაცვის საშუალება ჰქონდეთ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ყველა მსგავსი გზავნილი ადეკვატურად უნდა მივიღოთ და ვეცადოთ, რომ ის პრობლემები მოვაგვაროთ, რომლებიც დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო იქმნება.


- ლავროვმა ყურადღება გაამახვილა პანკისის ხეობაში ტერორიზმის საფრთხეებზე. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს განცხადება შესაძლოა აღქმული იყოს როგორც რუსეთიდან მომავალი საფრთხე?


- ჩვენ ისევ გვიხდება მტკიცება, რომ პანკისში ტერორისტები არ არიან და ეს უკვე არასერიოზულ ხასიათს იღებს. საქართველოს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ საკმაოდ გამჭვირვალე იყოს პროცესები ამ მიმართულებით და თუ ვინმეს რამის შემოწმება სურს, არანაირი პრობლემა არ არსებობს. თუკი რუსეთს სურს საქართველოსთან ურთიერთობის დაძაბვა, ის საამისო მიზეზს ყოველთვის იპოვის, პანკისის გარეშეც. მაგრამ, მგონია, რომ იმ ფონზე, რაც დღეს რუსეთში ხდება, რუსეთს არ უნდა აწყობდეს საქართველოში ვითარების დაძაბვა. მითუმეტეს, რომ დღეს საქართველო არ არის განწყობილი, უმიზეზოდ გაართულოს რუსეთთან ურთიერთობა. საკმაოდ კონსტრუქციულები ვართ ამ კუთხით და მიმაჩნია, რომ ეს სწორი დამოკიდებულებაა.

 

- პრემიერ-მინსიტრი გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნების" წევრი გახდა. უნდა ვივარაუდოთ თუ არა, რომ ასევე კვირიკაშვილი გახდება საარჩევნო სიის პირველი ნომერი და კოალიციის ლიდერი 2016 წლის არჩევნებზე?


- საარჩევნო სიის ნომრებზე საუბარი ცოტა ნაადრევია, მაგრამ გიორგი კვირიკაშვილი უკვე არის ჩვენი კოალიციის ლიდერი იმით, რომ ის გახდა პრემიერ-მინისტრი. აბსოლუტურად ლოგიკური იქნება, რომ სამთავრობო პარტიის ლიდერადაც ის დასახელდეს. მოქმედი პრემიერი შეთავაზებული გვყავს საზოგადოებისთვის, გამარჯვების შემთხვევაში, როგორც ახალი მთავრობის პირველი პირი და ეს უკვე გარკვეული პოლიტიკური გზავნილია. დანარჩენი არის ფორმალური ნაწილი, რომელიც ყრილობის გადასაწყვეტია, კოალიციის პოლიტსაბჭოს გადასაწყვეტია და ჩემი აზრით, სავსებით ლოგიკური იქნება, თუ ამ მიმართულებით წავა ყველაფერი და კვირიკაშვილს ვიხილავთ სიის პირველ ნომრად.

 

- გარდაბანში, არჩევნების დროს მომხდარი დაპირისპირების გამო, პრემიერ-მინისტრი ფიზიკური შეირაცხყოფისთვის სასჯელის გამკაცრებას ითხოვს. ეთანხმებით თუ არა მის ინიციატივას?


- მომერიდება, კატეგორიული ვიყო, მაგრამ ზოგადად, ასეთი დაპირისპირება საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ხელისუფლების ლეგიტიმურად შექმნის მექანიზმებს. პროცესი უნდა იყოს მშვიდობიანი. ვიღაცა არ უნდა შეფერხდეს ამის გამო და არჩევნებზე მისვლისგან თავის შეკავება არ უნდა მოუწიოს. ლოგიკურია, რომ ცოტა უფრო მკაცრად მოვექცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც საარჩევნო პროცესს ხელს უშლიან. საარჩევნო პროცესისთვის საფრთხის შემცველი მარტო გაყალბება, ბიულეტენების ჩაყრა და უბნებზე მანიპულაციები არ არის. საარჩევნო უბის გარეთ არაჯანსაღი გარემოს შექმნა ასევე საფრთხის შემცველია. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016