5 თებერვალს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდმა - „ზუგდიდი" ანტალიაში შეკრებაზე ამხანაგური შეხვედრა კოსოვოს ჩემპიონატის გუნდ „ფერონიკელისთან" ჩაატარა და ანგარიშით 1:2. დამარცხდა. „ფერონიკელი" მატჩის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას თავის საიტსა და facebook-გვერდზე აქვეყნებს.
ოფიციალურ ინფორმაციას ზუგდიდური კლუბი ჯერ არ ასაჯაროებს.
ზუგდიდის „ზუგდიდისა" და დრენასის „ფერონიკელის" არაოფიციალური ამხანაგური მატჩის ჩატარების შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს.
„მედია და ინტერნეტ საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განმარტავს, რომ უმაღლესი ლიგის კლუბებს გააჩნიათ ვალდებულება, სფფ-სთან შეათანხმონ ინფორმაცია საერთაშორისო ამხანაგური მატჩების ჩატარების შესახებ.
ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სფფ ფაქტის გამოვლენის შემდეგ იმოქმედებს სფფ-ს, უეფა-სა და ფიფა-ს დებულებების შესაბამისად, რომლის დაცვა წარმოადგენს ვალდებულებას სფფ-ს ნებისმიერი სუბიექტისთვის", - ნათქვამია ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.
ფიფა-სა და უეფა-ს აქამდე არ მიუციათ კოსოვოსთვის საერთაშორისო ასპარეზზე მონაწილეობის უფლება.