ვარშავაში მდებარე ქართულმა რესტორანმა „წლის საუკეთესო რესტორნის" გამოკითხვაში გაიმარჯვა. კონკურსში ქართულ რესტორანს მეტოქეობას იტალიური და სამი პოლონური სამზარეულო უწევდა.
,,10 წელია ეს ნომინაცია არსებობს. კონკურსში გამარჯვების მოპოვება ჩვენთვის დიდი პატივია. სამი დიპლომი წამოვიღეთ მე და ჩემმა შვილმა. უცხო ქვეყანაში ამხელა წარმატების მიღწევა ჩვენი რესტორნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პოლონეთში კარგი გარემოა შექმნილი და ოჯახური ბიზნესის განვითარებას ხელს არაფერი უშლის. ადგილობრივებს კი ქართული სამზარეულო განსაკუთრებით მოსწონთ და შესაბამისად, სტუმრების რაოდენობაც დღითიდღე იზრდება. „პოლონეთში რესტორნის გახსნა მხოლოდ ბიზნესი არაა. ვცდილობთ, ქართული კულტურა და ტრადიციული კერძები საუკეთესო კუთხით ვაჩვენოთ აქაურ საზოგადოებას, ფინანსური მოგება ამ ყველაფერს თავისთავად ახლავს"- აღნიშნა რუსიკო თურქისტანიშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას.
რესტორანი ,,რუსიკო," სადაც ამჟამად 5 ქართველია დასაქმებული, ვარშავაში 2015 წლის 9 აპრილს დავით თურქისტანიშვილმა გახსნა. სახელი დედის პატივსაცემად შეურჩია, რომელიც ამავდროულად რესტორნის შეფმზარეულიცაა. დავით თურქისტანიშვილი 15 წელია, რაც პოლონეთში ცხოვრობს და ვიდრე საკუთარ რესტორანს გახსნიდა, ამ სფეროში წლების განმავლობაში მუშაობდა.
სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესო რესტორნებს გამოკითხვის საფუძველზე პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდტირაჟიანი და მასშტაბური გამოცემა „ვიბორჩა" ასახელებს.
წყარო: "BusinessPressNews"