reportiori.ge - ბიძინა ივანიშვილი - ადამიანი, რომელმაც შეუძლებელი შეძლო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 03:54
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ბიძინა ივანიშვილი - ადამიანი, რომელმაც შეუძლებელი შეძლო
20 ნოემბერი, 2013. 20:56

დღეს, 2013 წლის 20 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრობის ბოლო დღე აქვს.  ცნობილი ქართველი მეცენატი საქართველოს პრემიერ-მინისტრად 2012 წლის, 25 ოქტომბერს დაინიშნა, მას შემდეგ, რაც 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე კოალიცია „ქართულმა ოცნებამ" „ნაციონალურ მოძრაობას" მოუგო. ამ ერთი წლის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკური ყოფა ძალიან მრავლისმომცველი იყო. თუმცა ეს ხდება დღეს...


ქართველი ბიზნესმენი, მეცენატი, უკვე პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილი საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში, 1956 წლის 18 თებერვალს, მრავალრიცხოვან ოჯახში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე გააგრძელა. ფინანსური გაჭირვების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი ბავშვობიდანვე მიზანდასახულობითა და პრინციპულობით გამოირჩეოდა. საირხის სკოლის დირექტორი, დოდო კობეშავიძე ბიძინა ივანიშვილის სკოლის წლებს იხსენებს.


ცელქი ბიჭი იყო. პატარა, გამხდარი და მოძრავი, ერთ ადგილას არ ჩერდებოდა. ბავშვი ყველა ცელქია, მთავარია, უზრდელი და თავგასული არ იყოს. ექვსი წელი ვასწავლიდი ბიძინას და მისგან უწმაწური სიტყვა არ გამიგონია..."

 

კალათბურთი გამორჩეულად უყვარდა. ცაციაა ბიძინა და მარცხენა ხელით იცოდა მოჭრილი ბურთების სროლა კალათში, ფარქვეშ შევიდოდა და თავს ზემოთ სტყორცნიდა ბურთს კალათში. «ლიფსოს» ვეძახდით მაშინ, ასეთ ტყორცნას, რაკი ვილნიუსის «ჟალგირისში» იმხანად თამაშობდა კალათბურთელი, გვარად ლიფსო. სწორედ მან შეასრულა პირველად ამგვარი მოჭრილი სროლა. ბიჭები ერთხანს «ლიფსოს» ეძახდნენ ბიძინას. როცა მის კლასს ორად გავყოფდი და კალათბურთს ვათამაშებდი, ბიძინა რომელ გუნდშიც იყო, ის გუნდი იგებდა ძირითადად, თუმცა, წაუგიათ კიდეც... წაგებას  ჩვეულებრივად ეგუებოდა, ცოტას ინერვიულებდა, მერე გაუვლიდა წყენა. ერთი კარგი ჩვევა ჰქონდა _ თანაგუნდელებს არასდროს აბრალებდა წაგებას, მე ვითამაშე ცუდად, თორემ მოვიგებდითო, - იტყოდა ხოლმე. არა, კალათბურთს მართლა კარგად თამაშობდა..."

სწავლის დასრულების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი ჩარხმშენებელ ქარხანაში მუშად მუშაობდა, უფროს ინჟინრად, ლაბორატორიის უფროსად. 1982 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: მეცნიერული ორგანიზაცია და შრომის ეკონომიკა".


მოგვიანებით ივანიშვილმა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო, ჯერ არმირებულ მილებს აწარმოებდა, შემდგომ კი კომპიუტერებით ვაჭრობდა. მისი პირველი დამკვეთი საქართველოს მეცნიერებათა აკადემია  იყო. ამ დაკვეთის შედეგად მას სოლიდური თანხა დაუგროვდა, რითიც პროკურატურა დაინტერესდა და ანგარიშები დაუყადაღა.

 

1988 წელს ივანიშვილმა  საქართველო დატოვა და საქმიანობა მოსკოვში განაგრძო, სადაც ახალ პარტნიორებთან ერთად გააგრძელა კომპიუტერებით ვაჭრობა. გარკვეული დროის შემდეგ, კომპიუტერებთან ერთად ბრუნვაში ჩართეს ასლგადამღები აპარატები და ტელეფონები. ამის შემდეგ მათ ელექტროტექნიკის მწარმოებელი ქარხანა შეიძინეს ჰონგ-კონგში.


1990 წლისთვის ივანიშვილი რუსეთში ელექტროტექნიკის გაყიდვების ერთ-ერთი ლიდერი იყო. დაგროვებული კაპიტალით ივანიშვილმა და მისმა პარტნიორებმა გახსნეს ბანკი როსკრედიტი".

 

იგი პოლიტიკურად აქტიური პიროვნება არასდროს ყოფილა. მოსკოვში მოღვაწეობისას მის სახელს უკავშირდება საქართველოში სათხილამურო კომპლექსის „ბაკურიანი-2"-ის მშენებლობა, მარჯანიშვილისა და თუმანიშვილის თეატრების რეკონსტრუქცია, „ნაციონალური მოძრაობის" დროს დაწეული რეფორმების დაფინანსების დიდი ნაწილი, საპატრულო პოლიციის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ფინანსური მხრდაჭერა და სხვა მრავალი. თუმცა, საქართველოში არსებული პოლიტიკურად დაძაბული გარემოებების გამო, 2011 წლის 5 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ  საკუთარი პოლიტიკური პარტიის შექმნას და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს. 7 ოქტომბერს, ივანიშვილმა ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც თავის მომავალ პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა.  

 

2012 წლის 21 თებერვალს ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში იმ დროისთვის არსებულ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად კოალიცია ჩამოაყალიბა. ხოლო გაერთიანებული ძალებით შემდგარი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"  ოფიციალურად 2012 წლის 21 აპრილს დაფუძნდა.


შემდეგ მოდის 2012 წლის 1 ოქტომბრის  გარდამტეხი საპარლამენტო არჩევნები. დაძაბული ვითარებისა და „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არჩევნების გაყალბების მცდელობის მიუხედევად, ივანიშვილის კოალიციამ გამარჯვება მოიპოვა.  


2012 წლის 25 ოქტომბერს პარლამენტმა  ახალი მთავრობა დაამტკიცა,  ბიძინა ივანიშვილის  ქვეყნის პრემიერ-მინისტრად მოგვევლინა.


როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ბიზნესმენს პოლიტიკაში მოსვლა 2011 წლის 26 მაისის დარბევამ გადააწყვეტინა. ქვეყნის დამოუკიდებლობის საიუბილეო ღამეს, „სახალხო კრებისა" და ნინო ბურჯანაძის ორგანიზებით გამართულ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის" განკარგულებით სასტიკად დაარბიეს ჩვენი თანამოქალაქეები, დამოუკიდებელი ჟურნალისტები. დარბევას მსხვერპლიც მოჰყვა. დილით, ქართველი ხალხის სისხლით მორწყულ მოედანზე, „ნაციონალური მოძრაობა" ამაოდ ცდილობდა გადაემალათ სპეცრაზმის მიერ მოკლული ადამიანების გვამები. გარდაცვლილები იპოვეს შენობების სახურავებზეც...


მეორე დღეს, მაშინდელმა ხელისუფლებამ დამოუკიდებლობის დღე იმავე მოედანზე საზეიმოდ აღნიშნა.

„მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების ტოტალურმა მონოპოლიზებამ და ჩატარებულმა კონსტიტუციურმა ცვლილებებმა, რომელთა მიხედვითაც ნათლად ვლინდება სააკაშვილის სურვილი - ყველანაირი კონსტიტუციური ვადის ამოწურვის მიუხედავად, შეინარჩუნოს ძალაუფლება და დარჩეს ხელისუფლების სათავეში, მიმაღებინა გადაწყვეტილება, შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

სააკაშვილის მმართველობის დროს დაშვებული იყო (და დღემდე გრძელდება) ისეთი უამრავი პატარა, დიდი და მიუტევებელი შეცდომები, რომ მის ადგილზე ნებისმიერი საღად მოაზროვნე და გონიერი პოლიტიკოსი ვადაზე ადრე წავიდოდა პოლიტიკიდან და პატიებას სთხოვდა თავის ხალხს", - გაავრცელა განცხადება ივანიშვილმა.

 

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით, ბევრი მითქმა-მოთქმა გაჩნდა. მაშინ ამ ამბავზე პრესა და მედია ბევრს ლაპარაკობდა. მას არ უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენამდე ივანიშვილზე მხოლოდ „ლეგენდები" დადიოდა... ადამიანზე, რომელიც ხალხს უანგაროდ ეხმარებოდა...

 

მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში აპირებს დამკვიდრებას და მალე საჯარო პირიც გახდება, ინფორმაცია მისი ცხოვრების, გამორჩეულად წარსულის, ბავშვობისა და ახალგაზრდობის პერიოდის შესახებ, საზოგადოებისთვის უცნობია. დღემდე ჩვენი საზოგადოება მხოლოდ იმ ლეგენდამოსილი ამბებით იკვებება, რომლებიც ჟამი-ჟამ მედიით გავრცელდება ხოლმე დღემდე იდუმალებით მოსილი ბიზნესმენის შესახებ", - ასე ახასიათებდნენ მის პიროვნებას მედიასაშაულებები.  

„ქართული ოცნების" პოლიტიკაში მოსვლასთან ერთად იწყება პოლიტიკური რეორგანიზაციის პროცესი. ბიძინა ივანიშვილმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობით შეძლო გარკვეული პროცესების შეჩერება. „ნაციონალურ მოძრაობასა" და „ქართულ ოცნებას" შორის დაძაბული ვითარების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის მეშვეობით კოაბიტაციის პირობებში სამართლიანობის აღდგენა ნაწილობრივ მოხერხდა.

საქართველო ახალი, საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე გადავიდა, პრეზიდენტს უფლებამოსილება შეუსუსტდა. „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი წლის განმავლობაში სხვა წარმატებული ნაბიჯებიც გამოიკვეთა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გატარებულმა რეფორმებმა ხელისუფლება პოლიციური რეჟიმიდან უფრო ღია, დემოკრატიული რეჟიმის ფორმატში გადაიყვანა. მედიასაშუალებები პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლდა, რეგიონებში სოციალური დახმარებებისა და მთავრობის მხრიდან ხელშეწყობის პირობებში, გლეხების ყოფა უფრო ნაყოფიერი გახადა და ა.შ. აღნიშნული წარმატებების ხელშეწყობას და მათ მეტ განვითარებას ხელი „ნაციონალური მოძრაობისა" და პრეზიდენტის მიერ სხვადასხვა კანონპროექტებზე ვეტოს დადებამ შეუშალა, რამაც მნიშვნელოვნად შეაყოვნა „ქართული ოცნების" გეგმები. თუმცა, ბიძინა ივანიშვილის წინდახედულმა და დეტალურად გათვლილმა პოლიტიკამ საქართველო მძიმე დაპირისპირებებს გადაარჩინა...

საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების" კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა დამაჯერებელი სხვაობით გაიმარჯვა. 17 ნოემბერს მისი ინაუგურაციის შემდეგ, ხელისუფლებაში კოალიცია უმრავლესობით კიდევ ერთხელ მოვიდა, თუმცა, პრეზიდენტს უფლებამოსილება შეზღუდული აქვს, პრემიერ-მინისტრს კი ახალი კონსტიტუციის მიხედვით - გაზრდილი. ივანიშვილის მიერ წარდგენილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერად დაინიშნება, ხოლო ბიძინა ივანიშვილი მალე პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში გადავა.

უმრავლესობის წარმომადგენლები „რეპორტიორთან" ივანიშვილის პოლიტიკური მოღვაწეობას აფასებენ.

უმრავლესობის წევრის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამ განაპირობა ის ძირეული ცვლილებები, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში განვითარდა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ორი წლის განმავლობაში მოხდა ის, რომ საქართველოში მთლიანად გამოიცვალა ხელისუფლება ორი სამართლიანი, პატიოსანი არჩევნებით.  ეს არის ბიძინა ივანიშვილისა და ქართველი ხალხის ძალიან დიდი ნაბიჯი, რადგან ჩვენ ამას ვერ მივაღწიეთ ოცი წლის განმავლობაში. ბიძინა ივანიშვილის მთავარი დამსახურება არის ის, რომ შესაძლებელი გახადა, არჩევნებით პატიოსნად გამოცვლილიყო ხელისუფლება, ყოველგვარი ძალადობის გარეშე. ეს ძალიან ძნელი ამოცანა იყო, მაგრამ შესაძლებელი გახადა ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობამ პოლიტიკაში. გარდა ამისა, მან ჩამოაყალიბა მთავრობა, რომელიც იმედია ეფექტიანი იქნება. ყველაზე მთავარი არის ის, რომ მან შეასრულა თავისი ამოცანა და დროულად, ისე როგორც დგვპირდა, წავიდა პოლიტიკიდან. ასეთი რამ საქართველოს პოლიტიკაში არავის, არასოდეს არ გაუკეთებია და ასეთი პრაქტიკა მსოფლიო პოლიტიკაშიც იშვიათი შემთხვევაა", - განაცხადა „რეპორტიორთან" ლევან ბერძენიშვილმა.


„რესპუბლიკელი" დავით ზურაბიშვილის განცხადებით, რომ არა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა, საქართველო წინა ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვალს ვერ მოახერხებდა. მისი თქმით, ივანიშვილის დაპირება, მშვიდობიანი გზით ხელისუფლებაში მოსვლასთან დაკავშირებით, თავიდან ძალიან ბევრს სიცრუე ეგონა.

 

„2011 წლის 5 ოქტომბერი იყო, კარგად მახსოვს როდესაც განაცხადა, რომ ის აპირებს პოლიტიკაში მოსვლას, შექმნის პოლიტიკურ პარტიას და შეცვლის ხელისუფლებას არჩევნების გზით. მაშინ ძალიან ბევრს ეგონა, რომ ეს იყო შეუძლებელი. მან შეუძლებელი შეძლო. ადრეც ცნობილი პიროვენება იყო, მაგრამ როგორც პოლიტიკოსს საზოგადოება ნაკლებად იცნობდა. სახეზეც კი არ იცოდნენ წესიერად ვინ იყო, ყველამ იცოდა, რომ არსებობდა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ქველმოქმედებას ეწეოდა. მისი პოლიტიკური საქმიანობა ძალიან წარმატებული გამოდგა. მან მოახერხა საქართველოს ისტორიაში პირველად არჩევნების საშუალებით შეეცვალა ხელისუფლება. ის ხელისუფლება, რომელიც ნამდვილად არ აპირებდა ასე მარტივად წასვლას და ახლა უნიკალური შემთხვევაა, როდესაც ადამიანი პოლიტიკიდან თავისი ნებით მიდის. მან ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და დარწმუნებული ვარ, შემდგომში მისი წვლილი უფრო კარგად გამოჩნდება. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, „ნაციონალური მოძრაობისა" და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლა ძალიან რთული იქნებოდა. მაშინ თითქმის არ ჩანდა ასეთი ძალა, პრაქტიკულად, მისი გამოჩენა პოლიტიკურ ასპარეზზე გადამწყვეტი იყო", - აცხადებს დავით ზურაბიშვილი. 

„რეპორტიორი" თემასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა, აღნიშნული პარტიის წარმომადგენლებმა შეფასებებზე უარი განგვიცხადეს. ოფიციალური განცხადებებით კი მათი პოზიცია ცნობილია. „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი წლის მანძილზე „ქართულმა ოცნებამ" მთავარ გამოწვევებს თავი ვერ გაართვა.

ჩვენ ვთვლით,  „ქართულმა ოცნებამ" ბოლო ერთი წლის განმავლობაში აჩვენა, რომ ქვეყნის წინაშე მდგომი მთავარი გამოწვევის, ეკონომიკის გაუარესების, დასაქმების პრობლემის გადაჭრის, - ამ საკითხებთან მიმართებაში უკიდურესი არაკომპეტენტურობა და უუნარობა გამოვლინდა", - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

 

„ნაციონალური მოძრაობის" წევრები კი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ კოალიციის დაშლას ვარაუდობენ. მათი თქმით, ივანიშვილის განცხადება პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში გადასვლასთან დაკავშირებით, უპასუხისმგებლო საქციელია.

 

ბიძინა ივანიშვილის თქმით, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას 24 ნოემბერს გააკეთებს. ადამიანმა, რომელმაც შეუძლებელი შეძლო, სამოქალაქო სექტორში ბრუნდება... 

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016