ცოტა ხნის წინათ ქართულ პრესაში არაოფიციალური ინფორმაცია გაკრთა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა ყოფილი პატიმრის ვუგარ ალიევის შეწყალების საქმეს იძიებს, რომელშიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, გენერალ თამაზ თამაზაშვილის გვარ-სახელიც ფიგურირებს. საქმე ის არის, რომ პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ვუგარ ალიევი, რომელსაც ნარკოტიკული დანაშაულისთვის 27-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, გლდანის მერვე საპყრობილეში თამაზ თამაზაშვილის თანამესაკნე იყო. 2013 წლის დეკემბერში ალიევმა, პრეზიდენტ მარგველაშვილის შეწყალების საფუძველზე, ციხე დატოვა, თუმცა, როგორც ჩანს, მავანი და მავანი ეჭვებმა შეაწუხა, ყოფილი თანასაკნელის პატიმრობიდან გათავისუფლდება თამაზ თამაზაშვილმა კანონის გვერდით ავლით ხომ არ გაჩარხაო? ვუგარ ალიევი დღეს „ასავალ-დასავალის" სტუმარია და დეტალურად ყვება სკანდალურ ისტორიას, თამაზ თამაზაშვილთან საკანში აგენტად როგორ შეაგზავნეს, მაგრამ რეჟიმის ბინძური დავალებების შესრულებაზე უარი თქვა და რადიკალურად საპირისპიროდ მოიქცა - თამაზაშვილის მეკავშირე და თანამებრძოლი გახდა.
- ბატონო ვუგარ, მოდით, ამბის მოყოლა სულ თავიდან დაიწყეთ - პოლიციის ვიცეპოლკოვნიკი ციხეში რატომ ჩაგსვეს?
- ჩემი დაპატიმრების მიზეზი ის იყო, რომ მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილსა და სოდ-ის უფროსს ერეკლე კოდუას თვალში არ მოვდიოდი.
დიახ, მერაბიშვილი და კოდუა ნარკორეალიზატორებს მფარველობდნენ, მე კი ის არ მაპატიეს, რომ მათი ერთ-ერთი „ბარიგა" დავიჭირე.
საერთოდ, როცა ამა თუ იმ ნარკორეალიზატორის შესახებ ინფორმაციას მივიღებდი და პატაკს დავწერდი, მაშინვე ქვემო ქართლის სოდ-ში ან თბილისში - „მოდულის" შენობაში მიბარებდნენ, ესა და ეს „ბარიგა" არ დაიჭირო, ჩვენი კაცია, ჩვენზე მუშაობსო.
- კონკრეტულ მაგალითებს დაასახელებთ?
- ერთხელ ინფორმაცია მივიღე, რომ ნარკორეალიზატორს კილოზე მეტი ჰეროინი უნდა შემოეტანა. ქალი იყო, საბინა ერქვა, ახლა გვარი აღარ მახსოვს. მივედი ქვემო ქართლის სოდ-ის მაშინდელ უფროს ლევან გობეჯიშვილთან და საქმის კურსში ჩავაყენე. მასთან ერთად იყო სოდ-ის თანამშრომელ ილია მაისაშვილიც და მითხრეს, თუ მაგ „ბარიგას" დაიჭერ, „კისლატას" შეგასხამთ და მოგკლავთო.
2009 წელს მარნეულში დავიჭირე ნარკორეალიზატორი, რომელსაც 500 გრამი ჰეროინი ჰქონდა. თურმე, ეს „ბარიგაც" მერაბიშვილისა და კოდუას მფარველობის ქვეშ ყოფილა და მისი დაპატიმრება არ შემარჩინეს.
- დარწმუნებით შეგიძლიათ თქვათ, რომ მერაბიშვილი და კოდუა ნარკორეალიზატორებს მფარველობდნენ?
- დიახ, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მერაბიშვილი და კოდუა ნარკორეალიზატორებს მფარველობდნენ!
- ამის დამტკიცებას რით შეძლებთ?
- როცა დამიჭირეს და სოდ-ში მიმიყვანეს, იქ დამხვდნენ პროკურორი გიორგი ლობჟანიძე და გამომძიებელი დავით სარიბეგოვი, რომელმაც მითხრა - სად გავყავი თავი, იმ „ბარიგას" რომ იჭერდი, არ იცოდი, რომ ეს ნარკოტრასა იმათიაო?
- ვისი „იმათი"?
- მერაბიშვილის და კოდუასი!
მოკლედ, ჩემს მიერ დაჭერილი „ბარიგასაგან" ამოღებული ნარკოტიკი მევე ჩამიდეს, ის ნარკორეალიზატორი კი გაათავისუფლეს!
სასამართლომ 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯა, მაგრამ ამასაც არ დამაჯერეს და სახლი და ოთხი მანქანა წამართვეს. გარდა ამისა, ჩემი ოჯახიდან 95 ათასი ლარი და ბანკიდან გამოტანილი 57 ათასი დოლარი გააქრეს. ოქროულობაც დაიკარგა.
- კაიძალი ქონების პატრონი ყოფილხართ...
- ჩემი ბიზნესი მქონდა - მაღაზიასა და სალონს ვამუშავებდი და კარგ შემოსავალსაც ვიღებდი.
დაჭერის შემდეგ გლდანის ციხეში ჩამსვეს და წამების მსხვერპლიც გავხდი.
- ვინ, როგორ და რატომ გაწამათ?
- 2011 წელს, როცა ბატონი თამაზ თამაზაშვილი დაიჭირეს და გლდანის ციხეში მოიყვანეს, სასჯელაღსრულების მინისტრ ხათუნა კალმახელიძის, საპყრობილის დირექტორ დავით ხუჭუასა და რეჟიმის უფროს ოლეგ ფაცაციას მხრიდან ჩემზე საშინელი ზეწოლა დაიწყო.
კერძოდ, მორგში ჩამიყვანეს, მობილური ტელეფონი მაჩვენეს და მითხრეს - ამას თამაზაშვილს ლეიბის ქვეშ დაუდებ, ნახევარ საათში ჩვენი თანამშრომლები საკანში ჩხრეკას ჩაატარებენ და ტელეფონს ამოიღებენ, შენ კი იტყვი, რომ თამაზაშვილს მობილური მისმა შვილმა ლექსომ შემოუგზავნა, რომელმაც ციხის თანამშრომელი მათე ელბაქიძე 400 ლარად მოისყიდაო.
ისიც უნდა მეთქვა, რომ თამაზ თამაზაშვილს ირაკლი ღარიბაშვილთან და ბიძინა ივანიშვილთან „ესემესებით" ჰქონდა კავშირი.
ამ ყველაფრის გაკეთებაზე რომ უარი ვთქვი, მორგში ჯერ ელექტროშოკერით მაწამეს, მერე კი რეჟიმის უფროსმა ოლეგ ფაცაციამ „პლოცკოთი" 9 კბილი დამაძრო!
- საბოლოო ჯამში როგორ მოიქეცით, შეასრულეთ მათი დავალება?
- სამი დღე-ღამის განმავლობაში მორგში ვყავდით დამწყვდეული, სადაც ორი ცხედარი ესვენა. ბოლოს ვუთხარი, თქვენი დავალების შესრულებაზე თანახმა ვარ-მეთქი.
როცა თამაზ თამაზაშვილთან საკანში შემასახლეს, მისთვის არაფერი დამიმალავს, რასაც უწყობდნენ და უპირებდნენ, ყველაფერი ვუამბე. ბატონმა თამაზმა მითხრა - ვუგარ, ეს რომ არ გააკეთო, მოგკლავენ, ამიტომ ტელეფონი დამიდე, პრობლემა არ არისო.
სამი დღის შემდეგ ციხის დირექტორის ხუჭუას კაბინეტში ამიყვანეს, სადაც სასჯელაღსრულების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე დამხვდა და იქ უკვე სხვა დავალებები მივიღე.
- რა დავალებები?
- 3 აბი რაღაც წამალი მომცეს და მითხრეს, თამაზაშვილს ყოველ დილით ჩაიში ნახევარ-ნახევარს ჩაუგდებ, 3 თვეში ღვიძლი დაეშლება და მოკვდებაო!
ამის გაკეთების სანაცვლოდ კალმახელიძე შემპირდა, არჩევნებს რომ მოვიგებთ, სააკაშვილი შეგიწყალებს, ნასამართლობასაც მოგიხსნით და სასჯელაღსრულების დეპარტამენტში დაგაწყებინებთ მუშაობასო.
- პირადად კალმახელიძემ გითხრათ, რომ თამაზაშვილისათვის ჩაიში სასიკვდილო აბები ჩაგეყარათ?
- ამას კალმახელიძის თანმხლები პიროვნება მეუბნებოდა, რომლის სახელი და გვარიც არ ვიცი, თავად კალმახელიძე კი ჩვენს საუბარს ისმენდა და სიგარეტს ეწეოდა.
მითხრეს, თამაზაშვილს ღვიძლი რომ დაეშლება და მოკვდება, გამომძიებელი დაგკითხავს, რომელსაც უნდა უთხრა, რომ ბატონ თამაზს ღვიძლი აწუხებდა და რაღაც წამლებს სვამდაო.
- დათანხმდით ამ დავალების შესრულებაზე?
- რა თქმა უნდა, დავთანხმდი, მაგრამ საკანში რომ დამაბრუნეს, ბატონ თამაზს ვუთხარი - ალექსანდროვიჩ, ამას და ამას გიპირებენ-მეთქი. ის აბებიც ვაჩვენე, რომლებიც მომცეს.
ეჭვი რომ არ აეღოთ, ასეთი რამ მოვიფიქრეთ - ბატონი თამაზი კვირაში ორჯერ ღვიძლს „აიტკიებდა" და ექიმს ითხოვდა, აბებს კი „პარაშაში" ვყრიდით.
თამაზ თამაზაშვილს იმასაც სთავაზობდნენ, რომ თუ ირაკლი ღარიბაშვილს „ქართული ოცნებიდან" წასვლაზე დაითანხმებდა, მას ციხიდან გაუშვებდნენ, მაგრამ ბატონმა თამაზმა თქვა - აქ რომც მომკლან, ამას მაინც არ გავაკეთებ, რადგან ქვეყანამ სააკაშვილის რეჟიმისაგან უნდა დაისვენოსო!
- კიდევ რას გავალებდნენ - თამაზაშვილისათვის რა უნდა გაგეკეთებინათ?
- ხათუნა კალმახელიძემ დამავალა - თამაზაშვილისგან გაიგე, ვანო მერაბიშვილი „ქართულ ოცნებასთან" შეკრული ხომ არ არისო?
ამის შესახებ ბატონი თამაზი რომ ჩავაყენე საქმის კურსში, მითხრა - კალმახელიძეს აცნობე, რომ მერაბიშვილი ვითომ „ოცნებასთან" არის შეკრული, ივანიშვილის ძმასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და თუ ნაციონალები არჩევნებს გააყალბებენ, ხალხი ქუჩაში გამოვა, მერაბიშვილი კი, თავისი პოლიციით, ჩვენს მხარეზე გადმოვაო!
მეც ასე მოვიქეცი და კალმახელიძეს თამაზაშვილის ნათქვამი სიტყვასიტყვით გადავეცი.
კალმახელიძემ სააკაშვილს დაურეკა და უთხრა, ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც შენ ფიქრობდი - მერაბიშვილი „ქართულ ოცნებასთან" არის შეკრულიო!
- საიდან იცით, რომ კალმახელიძემ ნამდვილად სააკაშვილს დაურეკა?
- თავიდან რომ ურეკავდა, ის არ პასუხობდა და კალმახელიძე თავისთვის ამბობდა - მიშა, რა გჭირს, ტელეფონს რატომ არ იღებო? მერე კალმახელიძის თანმხლებმა პიროვნებამ ცხვირზე ხელი გაისვა, ისე, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა ხოლმე და მინისტრს ჰკითხა - ამას ურეკავო? კალმახელიძემ კი უპასუხა - კიო...
მოკლედ, როგორც იქნა, დაუკავშირდა და საკუთარი ყურით მესმოდა, სააკაშვილს როგორ ელაპარაკებოდა.
ამ ამბიდან სამი დღის შემდეგ სააკაშვილმა მერაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრის პოსტზე გადაიყვანა - ძალოვან უწყებას მოაშორა, რადგან აღარ ენდობოდა და პოლიცია ბაჩო ახალაიას ჩააბარა.
- როგორც თქვით, 27 წელი გქონდათ მისჯილი. ციხიდან როგორ გამოხვედით?
- 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამნისტია რომ გამოვიდა, ნარკოტიკების შეძენა-შენახვისათვის მოსჯილი წლები მთლიანად მომეხსნა. მეორე ბრალდება მქონდა ქრთამის აღება - თითქოს ვიღაც ნარკორეალიზატორს, რომელიც ათჯერ მაინც იყო ციხეში ნაჯდომი, ფული გამოვართვი.
მოკლედ, ციხეში 4 წელი და 7 თვე გავატარე. კიდევ 6 წელი კი მოსახდელი მრჩებოდა, მაგრამ, როგორც ყველა პატიმარი აკეთებს, პრეზიდენტის სახელზე შეწყალების თხოვნა დავწერე, სადაც მივუთითე, რომ მერაბიშვილ-კოდუას მსხვერპლი ვიყავი და ციხეში უკანონოდ ვიჯექი. როგორც ჩანს, შეწყალების კომისიაში ჩემი წერილი განიხილეს და პრეზიდენტმა შემიწყალა.
- ე.ი. პრეზიდენტის შეწყალებით გამოხვედით?
- დიახ!
- თამაზ თამაზაშვილს თქვენს შეწყალებასთან არანაირი კავშირი არ აქვს?
- სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემს შეწყალებასთან თამაზ თამაზაშვილს არანაირი კავშირი არ აქვს! მე, აბსოლუტურად კანონიერად და სამართლიანად, პრეზიდენტმა შემიწყალა!
- მაშ, პროკურატურა თქვენი შეწყალების საკითხით რატომ დაინტერესდა?
- ვერ გეტყვით! პროკურატურაში დაკითხვაზე ვარ დაბარებული, მივალ და ჩვენებას მივცემ - დეტალურად მოვყვები, რა და როგორ იყო. მე აბსოლუტურად სუფთა ვარ, ნარკოტიკებთან არასდროს არანაირი შეხება არ მქონია და ის შეთითხნილი ბრალიც, რომელიც წამიყენეს, არ მიღიარებია.
ვიმეორებ, პრეზიდენტმა სრულიად კანონიერად შემიწყალა და ჩემს შეწყალებასთან ბატონი თამაზ თამაზაშვილი არანაირ კავშირში არ არის. პროკურატურასაც ამას ვეტყვი.
- ციხიდან გამოსვლის შემდეგ თამაზ თამაზაშვილთან ურთიერთობას ინარჩუნებთ?
- რა თქმა უნდა, ბატონ თამაზთან დღემდე მაქვს ურთიერთობა. ჩვენ ციხის მეგობრები ვართ და ერთი წლის განმავლობაში 24 საათი ერთად ვიყავით.
გარდა ამისა, თამაზ თამაზაშვილი საქართველოს გენერალია და ყველა ყოფილი თუ მოქმედი პოლიციელი ვალდებულია, მას პატივი სცეს.
ბატონი თამაზი ვაჟკაცი კაცია. ციხეშიც კაცურად შემოვიდა, კაცურად იჯდა და კაცურად გავიდა. რამდენიმე დღის წინათ - 2 თებერვალს - დაბადების დღე ჰქონდა. დავურეკე და მივულოცე. ახლა თქვენი გაზეთის ფურცლებიდან საქვეყნოდაც ვულოცავ და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურებ!
- ბატონო ვუგარ, ზემოთ მოყევით, როგორ გაწამებდნენ და კბილები როგორ დაგაძრეს. ციხეში სხვა პატიმრების წამებას თუ შესწრებიხართ?
- წამების ძალიან ბევრ ფაქტს შევსწრებივარ და აღარც ვიცი, რომელი ერთი გავიხსენო? მაგალითად, ე.წ. კარანტინის დაშლის დროს ერთ აჭარელ ბიჭს ისე სცემეს, რომ ცალი თვალი ამოუგდეს. ამას საკუთარი თვალით ვუყურებდი.
ყველაზე სასტიკი ჯალათი იყო გლდანის ციხის რეჟიმის უფროსი ოლეგ ფაცაცია. რომელიმე პატიმრის ცოლი რომ მოეწონებოდა, ტელეფონის ნომერს იგებდა და ურთიერთობის გაბმას ცდილობდა. საკანში შედიოდა და პატიმარს პირდაპირ ეუბნებოდა - ბიჭო, შენი ცოლი მაგრად მომეწონაო!
პატიმარს ქალის საცვალს - ე.წ. ტანგას აცმევდნენ და სურათებს უღებდნენ, მერე კი აშანტაჟებდნენ - თუ დანაშაულს არ აღიარებ, ამ სურათებს ინტერნეტით გავავრცელებთო.
ერთხელ ჩემი თანასაკნელი აბანოში გაიყვანეს, გააშიშვლეს, ქალის ტრუსი და ლიფი ჩააცვეს, სურათები გადაუღეს და მათი ინტერნეტში გავრცელების მუქარით აიძულეს, რომ არჩადენილი დანაშაული ეღიარებინა.
ასეთი ფაქტები უამრავი იყო!
სააკაშვილი ღამღამობით ვერტმფრენით დაფრინავდა გლდანის ციხის თავზე და თავის აშენებულ საპყრობილეს ზემოდან დაჰყურებდა. ალბათ, ამით სიამოვნებას იღებდა!
- ასეთი რამ არცერთი ყოფილი პატიმრისაგან არ მომისმენია. ნამდვილად სააკაშვილი იყო?
- ნაღდს გეუბნებით! პირადად მე ფანჯრიდან ვუყურებდი და ნათლად ვხედავდი, რომ ვერტმფრენში სააკაშვილი იჯდა!
ყველაზე დიდი საშინელება კი მაინც ის იყო, რაც მორგში ვნახე!
- რა ნახეთ?
- გლდანის ციხის მორგში საკუთარი თვალით ვუყურებდი, გარდაცვლილი პატიმრის ღვიძლი როგორ დაჭრეს და კატას აჭამეს!
ეს სპეციალურად მაჩვენეს - თუ ჩვენს დავალებებს არ შეასრულებ, ასე დაგემართებაო!
რაც სააკაშვილის დროს ხდებოდა, ფაშიზმზე უარესი იყო! მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი ქვეყანა ამ საშინელებისგან გათავისუფლდა!
ესაუბრა ჯაბა ხუბუა
გაზეთი „ასავალ-დასავალი"