საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის თაობაზე „რეპორტიორთან" საუბრობს. მისი თქმით, მსოფლიოში რაც უფრო მეტი ადგილი იქნება, რომელსაც ერქმევა საქართველო, სასიხარულოა.
„მივესალმები, რომ რეზიდენცია თავისი საფლავებით, რომელიც მე-20 საუკუნის საქართველოს პირველი მთავრობის ემიგრაციაში ყოფნის დროს მნიშვნელოვანი იყო, საქართველოს მმართველობაში დაბრუნდება. მმართველობის რა ფორმა მიეცემა, ეს უკვე მოლაპარაკებების შემდეგ გაირკვევა, თუმცა მსოფლიოში რაც უფრო მეტი ადგილი იქნება, რომელსაც ერქმევა საქართველო, სასიხარულოა.
საქართველოსთვის ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყოვლთვის გვექნება საშუალება, საფრანგეთში სტუმრობისას მოვინახულოთ ლევილის მიწები და ჩვენს მომავალ თაობას ვუთხრათ, რომ ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდა, ისინი გამარჯვებულები არიან", -განაცხადა ქუცნაშვილმა.
ამასთან, დეპუტატმა გამოთქვა სურვილი, რომ კარგი იქნებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებობდეს სივრცეები, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დასამკვიდრებლად გამოვიყენებდით:
„მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გვჭირდება სივრცეები ჩვენი მოქალაქეებისა და ინტერესების დასამკვიდრებლად. ჩვენ ყველგან უნდა გვქონდეს ჩვენი საელჩო, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს კურსი აირჩია, რომ საიჯარო ურთიერთობიდან ნელ-ნელა გადავდივართ ნასყიდობის ურთიერთობაზე, ვყიდულობთ მიწას ჩვენი პატარა საელჩოს გასახსნელად. ეს არის საქართველო საფრანგეთში, ეს არის საქართველო დიდ ბრიტანეთში, უკრაინაში ამერიკაში და ა.შ. საქართველოს მიწები ისევე უნდა არსებობდეს სხვადასხვა ქვეყნებში, როგორც ჩვენს ქვეყანაშია სხვა ქვეყნის მფლობელობაში არსებული მიწები", - ამბობს ქუცნაშვილი.