ორგანიზაცია "ქართველი ახალგაზრდების" თავმჯდომარე გიორგი მამულაშვილი საინფორმაციო სააგენტო newposts.ge-ს მასალასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში კომენტარს აკეთებს. როგორც სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მელორ ვაჩნაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანის ავტომობილით ნადირობს.
„ე.წ პოლიტპატიმარი მელორ ვაჩნაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანის ავტომობილით ნადირობს? - ეს ვერსია აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ამ უკანასკნელმა "ფეისბუქის" საკუთარ პროფილზე საინტერესო ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოებზე, რომელიც სავარაუდოდ გასულ წელსაა გადაღებული მელორ ვაჩნაძე სანადირო თოფით ხელში, SU 001 SS სერიის მანქანის ძარაზე მჯდომია გადაღებული. ფოტოზე გამოსახული სახელმწიფო სერიით ძირითადად სუს-ის თანამშრომლები სარგებლობენ, ამიტომ გაჩნდა მოსაზრება, რომ ვაჩნაძე შესაძლოა სუს-ის მაღალჩინოსნის ავტომანქანას იყენებდეს პირადი სიამოვნებისთვის."ნიუპოსტი" მელორ ვაჩნაძესთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მას ტელეფონი გამორთული აქვს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "ნიუპოსტსს" განუცხადეს, რომ აღნიშნული ავტომობილი სუს-ს არ ეკუთვნის. SU-SS და SS-US სერიით ნომრის აღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდის მეშვეობით", - აცხადებენ უწყებაში", - წერს ნიუპოსტი.
ორგანიზაცია "ქართველი ახალგაზრდების" თავმჯდომარე გიორგი მამულაშვილი აცხადებს, რომ ეს არის დაუსაბუთებელი მასალა. გთავაზობთ მამულაშვილის facebook-სტატუსს:
„მელორ, უშიშროების მაღალჩინოსანი ყოფილხარ და ამას მიმალავდი? რაც შეეხება ამ სოფლის ცნობათა ბიუროს ეს ნომრები და სერია არ არის უშიშროების ბალანსზე! მანქანა ეკუთვნოდა სანახევროდ ბანკს და შეგიძლიათ დოკუმენტაცია გამოითხოვოთ! ამჟამად სხვის მფლობელობაშია! სანამ დაუსაბუთებელ მასალას გამოაქვეყნებთ, ჟურნალისტები იმიტომ გქვიათ, რომ მოიძიოთ ზუსტი ინფორმაცია! ნომრები ეყენა იმის გამო, რომ დაბრკოლების გარეშე მივსულიყავით ა-დან ბ პუნქტამდე! პატივისცემით გიორგი მამულაშვილი", - წერს გიორგი მამულაშვილი.