„მაესტროს" პარტნიორთა კრების მიერ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებულმა ბაია გადაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლევან გაჩეჩილაძის წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს დღეს მიმართავს.
გადაბაძე მოითხოვს, ბათილად იქნას ცნობილი „მაესტროს" პარტნიორთა საბჭოს გადაწყვეტილება ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად დანიშვნასთან დაკავშირებით.
„სარჩელში საუბარია იმაზე, რომ გია გაჩეჩილაძის წილები სადავოა. ასევე მოყვანილია კონტრარგუმენტები იმ არგუმენტებისა, რის საფუძველზეც დირექტორობიდან გამათავისუფლეს. მე კანონის ფარგლებში ვმოქმედებდი და არგუმენტები, რაც ჩემს გათავისუფლებას დაედო საფუძვლად, არ არის ლოგიკური", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.
მისივე განცხადებით, ლევან გაჩეჩილაძე შეხვედრების ოთახს მიღმა ტელეკომპანია „მაესტროში" ვერ შევა.
„თუ გინდათ გითხრათ, რომ ხელს დავარტყამ ლევან გაჩეჩილაძეს, რომ მოვა, ასე არ არის. დაცვა მემორჩილება მე. მკითხავენ, ქალბატონო ბაია, შევუშვათ თუ არა ლევან გაჩეჩილაძე შენობაში? - მე ვკითხავ ლევანს, თუკი სასაუბროდ არის მოსული, შემოვიდეს შეხვედრების ოთახში, ამის იქით, მისთვის არის ზღურბლი. თუ დარეგისტრირდება დირექტორად, მას ალტერნატიული ფართი უნდა ჰქონდეს „მაესტროსთვის". ამაზე დირექტორმა აუცილებლად უნდა იზრუნოს. მე ამაზე ვზრუნავდი, თუმცა სამწუხაროდ ეს საშუალებები ხელიდან გამომაცალეს", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.
გადაბაძე ასევე ტელეკომპანიის რეიტინგებთან დაკავშირებით გაჩეჩილაძის განცხადებასაც გამოეხმაურა.
„მე გადავხედე რადიო „უცნობის" რეიტინგს და ის ათეულშიც არ არის. ასევე აღმოჩნდა, რომ რადიო რეიტინგებსაც ვერ უკვეთავს ფინანსური პრობლემების გამო. რადიოს მართვა გაცილებით ადვილია და ვურჩევ გაჩეჩილაძეს, ჯერ რადიო დააყენოს ფეხზე და შემდეგ იქნებ ტელევიზიაზე გადმოინაცვლოს", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.