დღეს კორტებთან მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის დაბადების დღეა. ზურაბ ვაზაგაშვილს 32 წელი შეუსრულდებოდა.
მთავარმა პროკურატურამ თბილისში 2006 წლის მაისში მომხდარი ე.წ. „კორტების სპეცოპერაციის" საქმე, რომლის შედეგადაც ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი იქნენ მოკლული, გახსნილად გამოაცხადა და განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით 11 ყოფილი და მოქმედი პოლიციელი დააკავა.
კიდევ ერთი ყოფილი პოლიციელის მიმართ კი, რომელიც საქართველოდან წასულია, ბრალდების დადგენილება იქნა გამოტანილი.
დაკავებულებს შორის პოლიციის სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან და ასევე სპეცრაზმელებთან ერთად არიან შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა, რომელიც ცხრა წლის წინანდელ ამ სპეცოპერაციას გეგმავდა და ხელმძღვანელობდა; და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, საკონტროლო გასროლები განახორციელა.
ზურა ვაზაგაშვილი და საშა ხუბულოვი 2006 წლის 2 მაისს თბილისში, ყოფილი კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა მანქანაში ჩაცხრილეს, მათთან მყოფი ერთი ახალგაზრდა კი დაიჭრა. მაშინ პოლიციამ განაცხადა, რომ „ყაჩაღური ჯგუფის" წინააღმდეგ ჩაატარა სპეცოპერაცია. ამ ვერსიას ვაზაგაშვილის ოჯახმა და უფლებადამცველებმა უნდობლობა გამოუცხადეს და „დამნაშავე" პოლიციელთა დასჯას მოითხოვდნენ.
საქმის ხელახალი გამოძიება 2012 წლის ბოლოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო.
მოამზადა სალომე ჯანდიერმა