პოლიტიკურ მეცნიერებათა სპეციალისტი ლევან ლორთქიფანიძე საქართველოში ერთი სქესის პირთა ქორწინების დაკანონებას არარეალურად მიიჩნევს და ატეხილ აჟიოტაჟს წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირებს. ამის შესახებ ლორთქიფანიძემ „ალიასთან" ინტერვიუში განაცხადა და აქვე დასძინა, რომ „ყველაფერი ისე იქნება, როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს სურს".
„ვფიქრობ,ამ თემას სერიოზული ვნებათაღელვა მოჰყვება, მაგრამ პირადად მე მაინც ძალიან მშვიდად ვარ განწყობილი, რადგან დარწმუნებული ვარ, ეს საკითხი ბოლომდე არ მივა, საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, როგორი მოთხოვნაც არსებობს, რომ ერთსქესიანთა შორის ქორწინება დაკანონდეს. მეტადრე ეს მოთხოვნა ცოტა უცნაურია, მაშინ, როდესაც თვითონ ამ თემის წარმომადგენლების უმრავლესობა ამ მოთხოვნას დღის წესრიგში არ აყენებს არც დღეს და არც უახლოეს მომავალში. ის ერთი ადამიანი კი, „მაცაცო", ვინ არის და რატომ გამოჩნდა, რა უნდა, კაცმა არ იცის. ძალიან უცნაური ვითარებაა, მაგრამ, ვფიქრობ, აღელვებად არ ღირს. ყველაფერი მშვიდად დამთავრდება, ისე იქნება, როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს სურს. მე მაინც ამ ყველაფერს წინასაარჩევნო კამპანიას ვუკავშირებ, ამ დროს ძალიან მარტივია მეორეხარისხოვანი თემების წინ წამოწევა", - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.
(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)
წყარო: „ალია"