საქართველოს პარლამენტმა დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის მიერ ინიცირებული იმ კანონპროექტის განხილვა დაიწყო, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს ადამიანის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის. კანონპროექტს, რომლის ავტორიც ზვიად ტომარაძე გახლავთ, პარლამენტი კანონის ძალმოსილებას თუ მიანიჭებს, საქართველოში პირის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა 300 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 600 ლარი იქნება. რელიგიური სიწმინდეებისა და საკულტო ნაგებობების წაბილწვა კი პირველ შემთხვევაში - 500 ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 1000 ლარით დაჯარიმდება. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ კანონპროექტს ე.წ. ლიბერალების სახით გააფთრებული მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ და დიდი აჟიოტაჟიც ატყდა.
საკანონმდებლო ვნებათაღელვის კვალდაკვალ სოსო ჯაჭვლიანს ვესაუბრებით:
- ჩვენ ახალ ველოსიპედს კი არ ვიგონებთ, არამედ ევროპული ქვეყნების გამოცდილებას ვეყრდნობით. დიახ, გერმანიაში, ესპანეთში, ავსტრიაში, დანიაში, ისრაელში, საბერძნეთში, ირლანდიაში, ხორვატიასა და ფინეთში რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა არამხოლოდ ფულადი ჯარიმით, არამედ სისხლის სამართლის წესითაც ისჯება და 6-თვიდან 2-წლიან, 3-წლიან პატიმრობასაც კი იწვევს!
ამ მხრივ ჩვენი კანონპროექტი ყველაზე რბილი და ლოიალურია, რადგან მხოლოდ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს და არა - სისხლისსამართლებრივს.
- თუმცა, ამ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ იგი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას გამოიწვევს!
- ვეკითხები იმათ, ვინც ასეთი უადგილო არგუმენტით აპელირებს - ევროპის ქვეყნებში, სადაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა კანონით ისჯება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შეზღუდულია? ასე რომ, დემაგოგიას შეეშვან და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას თავი დაანებონ!
კანონის მიღება იმას კი არ ნიშნავს, რომ მას სადამსჯელო ფუნქცია ავტომატურად მიენიჭება, არამედ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევას სასამართლო განიხილავს და სწორედ ის დაადგენს, დაირღვა თუ არა ზღვარი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას შორის.
ამ ე.წ. ლიბერალებს მოვუწოდებ - ისე ნუ იზამთ, რომ თქვენი „ნამეტნავი" ლიბერალობით ამ ქვეყანაში ძალიან ცუდი და სახიფათო რაღაცების გაღვივებას შეუწყოთ ხელი!
პირდაპირ ვაცხადებ - ვინც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯადობას ეწინააღმდეგება, იმას უნდა, რომ საქართველოში მუდმივი ქაოსი და დაძაბულობა იყოს!
- თქვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიღებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, მაგალითად, რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი, რომელმაც ამასწინათ განაცხადა - შემიძლია, ჩემი ნათარგმნი წიგნები ერთმანეთზე დავაწყო და ყველას ერთად სოსო ჯაჭვლიანიც ვერ ასწევსო. ამაზე რას იტყვით?
- პირდაპირ გეტყვით, რომ ლევან ბერძენიშვილის ეს ნათქვამი ჩემთვის მეასეხარისხოვანია! ახლა რა ვქნა, გამოვიდე და იმით დავიწყო ტრაბახი, ამდენ და ამდენ ფილმში ვარ გადაღებული, ასეთი და ისეთი როლები მაქვს ნათამაშები-მეთქი?
ლევან ბერძენიშვილი ჯერ კომუნისტურ რეჟიმს ებრძოდა და მერე მოინანია, ცუდად ვიქცეოდიო! შევარდნაძე რომ მოვიდა, ბერძენიშვილს მისი სჯეროდა და გადაცემა „მჯერა" მიჰყავდა! მერე სააკაშვილი მოვიდა და ლევან ბერძენიშვილმა მისი დაიჯერა! ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში რომ გამოჩნდა, ბერძენიშვილმა თქვა - ამ ფულის ტომარამ რა უნდა გააკეთოს, არჩევნებში 7 პროცენტსაც ვერ აიღებსო, მაგრამ დღეს ბიძინა ივანიშვილის შექმნილ კოალიციაში თავს კარგად გრძნობს!
გეკითხებით - ლევან ბერძენიშვილისნაირი კაცის რა უნდა ვიწამო და რა უნდა დავიჯერო?!
- მეორე რესპუბლიკელმა დავით ზურაბიშვილმაც განაცხადა - რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ამკრძალავი კანონი „ტაბურეტკების" ლეგალიზაცია იქნებაო...
- ის მღვდელი, რომელიც 17 მაისს ლგბტ აქტივისტების მიერ მოწყობილი აქციის საწინააღმდეგო მიტინგზე „ტაბურეტკით" ხელში იყო მისული, ცოტა ხნის წინათ სასამართლომ გაამართლა, ანუ ოფიციალურად დამტკიცდა, რომ სასულიერო პირს „ტაბურეტკა" ძალადობის იარაღად არ გამოუყენებია და თავში არავისთვის ჩაურტყამს.
ჰოდა, ვერ გავიგე, ზურაბიშვილი რა „ტაბურეტკის" ლეგალიზაციაზე ლაპარაკობს? მისი არგუმენტი აბსოლუტურად უსუსურია!
- თავად საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით რა განწყობაა თქვენ მიერ ინიციარებულ კანონპროექტთან დაკავშირებით?
- საპარლამენტო უმრავლესობაში მზაობაა, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ამკრძალავი კანონი მიღებული იქნეს, მაგრამ კენჭისყრის დროს პულტზე ხელის მიჭერა რომ იქნება საჭირო ვინ როგორ მოიქცევა, არ ვიცი!
- მაინც როგორ ფიქრობთ, მისცემენ ხმას თქვენს კანონპროექტს?
- ვინც არ ჩაისვრის, ის მიაჭერს თანხმობის ღილაკს!
ხომ იცით, მიჭერით, ყველაფერი კეთდება! (იცინის).
- პარლამენტში მეორე კანონპროექტიც გაქვთ შეტანილი, რომელიც „ანტიდისკრიმინაციული კანონიდან" ცნებების - „სექსუალური ორიენტაციისა" და „გენდერული იდენტობის" - ამოღებას ითვალისწინებს. ამ კანონპროექტის განხილვის დაწყებას პარლამენტი რატომ აგვიანებს?
- ახლა ყველაფრის დაკონკრეტებას ნუ მომთხოვთ, მაგრამ ერთსექსიანთა ქორწინების დაკანონების მსურველთათვის სერიოზული კონტრილეთი გვაქვს მომზადებული!
- მაგის წინააღმდეგ ერთადერთი კონტრილეთი არსებობს - როგორც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, საქართველოს კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა!
- დიახ, მეც სწორედ ამ პოზიციაზე ვარ - ჩვენს კონსტიტუციაში აუცილებლად უნდა ჩაიწეროს, რომ ქორწინება და ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა!
ერთი რამ ზუსტად ვიცი - პარლამენტარობა დროებითია, ცხოვრება კი გრძელდება და ჩემმა ჯიშმა და ჯილაგმა ამ ქვეყანაში უნდა იცხოვროს!
ქართული ოცნება ჩემთვის ის არის, რომ ოჯახის სიწმინდე დაცული იყოს და საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება არ დაკანონდეს!
ესაუბრა ჯაბა ხუბუა