ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოსახლეობას გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე სამხრეთ ამერიკაში გამგზავრებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. მინისტრის აღნიშნული რეკომენდაცია სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ზიკას ვირუსის გავრცელებას უკავშირდება.
„ჯერჯერობით, საბედნიეროდ, ჩვენთვის ეს აქტუალური არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ზომა უნდა მივიღოთ იმისათვის, რომ დაავადების გავრცელების საფრთხე თავიდან ავიცილოთ. შარშან სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, უდიდესი ფართობი დამუშავდა, რათა კოღოებისგან წყლიანი ზედაპირების გაუვნებელყოფა მომხდარიყო. ახლა კრიტიკული წერტილები რეალურად არ გვაქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, მაქსიმალური სიფრთხილით ვიღებთ ზომებს", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
სერგეენკოს ცნობით, H1N1 ვირუსით ავადობის სიხშირემ კლება დაიწყო.
„ბოლო კვირის მონაცემებით, შემთხვევების კლებაა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რისკი განულებულია. დაავადების გავრცელების პიკია გადავლილი, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ახლაც მკურნალობენ, რამდენიმე მათგანი კრიტიკულ მოვლასაც კი საჭიროებს. ავადობის აფეთქების პიკმა გადაიარა, თუმცა ყურადღება ისევ სჭირდება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.