„ხიდაშელი და უსუფაშვილი პირველები გაიქცევიან ახალგორში - რუსებთან ჩასახუტებლად", - „პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" გთავაზობთ:
„ე.წ. რუსული პროპაგანდის გაძლიერების თემას უნდა შევეხო. უკვე ნათელია და განმარტება შტატების საელჩომაც გააკეთა, რომ საქართველოში თავისებური ინტერპრეტაცია მოჰყვა ამერიკის სადაზვერვო სამსახურის გახმაურებულ მოხსენებას. ხელისუფლებისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა მორიგჯერ დაიწყეს იმისი მტკიცება, რომ დასავლურ კურსს საქართველო არასდროს შეცვლის. ვითარების განმუხტვა ისევ ამერიკის საელჩომ იტვირთა. ელჩის მოადგილემ ჩვენს ხელისუფლებას განუმარტა, რომ ეჭვი არავის ეპარება საქართველოს საგარეო კურსის სიმტკიცეში და ქართულ მხარეს დელიკატურად აუხსნა, რას ნიშნავს დაზვერვის სამსახურის მოხსენება... რომ ეს არ არის დირექტივა ქართული მხარისათვის. ზემოთ ინტერპრეტაცია ვახსენე და, ვატყობ, წინ ურთულესი პროცესები გველის.
ცოტა ხანში ე.წ. კუდიანებზე ნადირობაც დაიწყება, თითქოსდა რუსული პროპაგანდის შეზღუდვის მოტივით, რეალურად კი, მედიის ნაწილისა და ცალკეული პოლიტიკოსების წინააღმდეგ. ოფიციალურად ცხადდება, რომ 2017 წელს შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან 4,3 მილიარდი დოლარი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოიყოფა. დახმარებას უკრაინა, მოლდოვა და საქართველო მიიღებენ. ამერიკის ბიუჯეტიდან გაიზრდება ქართული, უკრაინული და მოლდოვური მედიის დაფინანსებაც. მინდა, ყურადღება მიაქციოთ იმასაც, რომ ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში გააქტიურდა საუბარი ე.წ. რუსულ რბილ ძალებზეც.
ეს კამპანია 2014- 2015 წლებში დაიბადა, როცა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაიწყეს კონფერენციების ორგანიზება „რბილი ძალის" თემაზე. ამერიკულ დაფინანსებას ძირითადად „ნაციონალური მოძრაობისა" და რესპუბლიკური პარტიის სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტული ჯგუფები მიიღებენ. ნამდვილად დამოუკიდებელ მედიას მასზე ხელი არ და ვერ მიუწვდება.
ეს ორი პოლიტიკური ჯგუფი კი, ამერიკული დაფინანსებით უკვე მერამდენედ ისარგებლებს და რეალურად გზიდან ჩამოიშორებს პოლიტიკურ კონკურენტებს და არამოკავშირე, კრიტიკულ მედიას. ამასობაში, სრულ აბსურდად მეჩვენება, რომ რუსეთი საქართველოში კოლოსალურ სახსრებს ან პოლიტიკაზე ხარჯავს, ან მედიაზე.
ამერიკელებისაგან განსხვავებით, რუსული პოლიტიკა არაა აგებული იდეოლოგიურ ოკუპაციაზე. ამ ნაწილში მას რამდენიმე მოხალისეც აკმაყოფილებს.
რუსეთს, როგორც წესი, პირდაპირი ოკუპაცია ეხერხება. თავის დროზე ბიუჯეტიდან 4,3 მილიარდი რომ გამოეყო, უკრაინას არ დაკარგავდა, მაგრამ დაკარგა. ამდენად, ამერიკის დაზვერვის მოხსენებაში კი არ ვხედავ რაიმე უჩვეულოს ან საფრთხეს. საფრთხეს ვხედავ იმაში, თინა ხიდაშელის მსგავსი პერსონა როგორ ისარგებლებს ამ რიტორიკით, ამერიკული კაპიტალით და როგორ მოისურვებს გაანადგუროს, თუნდაც, ირმა ინაშვილი, რომელსაც სინამდვილეში არავითარი შეხება და კავშირი არა აქვს რუსეთთან, მაგრამ ყოველ მეორე გამოსვლაში თვით არჩევნების გამყალბებელი თავდაცვის მინისტრი „რუსად" მოიხსენიებს.
ვხედავ საფრთხეს, რომ ამერკული დაფინანსების გამოყენება მოხდება არა მიზნობრივად, არამედ პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით.
ახლა სქემას დააკვირდით. ამ ფულით საქართველოში გამომავალ ყველა გაზეთს დააფინანსებენ. ყოველ გამოშვებაში დაბეჭდავენ მასალას, რომ ესა თუ ის პოლიტიკოსი, ან კონკურენტი მედია რუსეთის ინტერესებს ატარებს... ყველა ქალაქში გამოაკრავენ ბანერს, რომ ეს ( სინამდვილეში, უდანაშაულო) კაცი კრემლის აგენტია... „ნაციონალური მოძრაობა" და რესპუბლიკური პარტია ორ კურდღელს ერთად დაიჭერენ: ჟურნალისტურ, ექსპერტულ წრეებსაც მოისყიდიან და უდანაშაულო პოლიტიკურ კონკურენტებსაც გზიდან ჩამოიშორებენ. ყველა საელჩო დაიხურება მსხვერპლთათვის.
ახლა კი, კარგად მომისმინოს ამ ხალხმა: ჩვენ გაიძულებთ, ერთხელ და სამუდამოდ აიღოთ ხელი იარლიყების მიკერებაზე. ეს იყო სააკაშვილის სტილი. ასე სპობდა ოპონენტებს. ასე ქრთამავდა არასამთავრობო სექტორს, მედიას და ზრდიდა ექსპერტთა მართვად, ყოვლადგახრწნილ ფენას. „რუსეთის ჯაშუშების" ძიებაში იქამდე მივიდნენ, რომ ბოლოს, მთელი ერი აგენტად გამოაცხადეს. ზუსტად იმავე გზას აგრძელებს რესპუბლიკური პარტია. მასაც აქვს უკვე მართვადი ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, რომლის ამოცანაა რაც შეიძლება მეტი „რუსი აგენტის" გამოვლინება, ამიტომ ისვრიან წინ და უკან „რუსეთის აგენტისა" და „ანტიდასავლური ელემენტების" იარლიყს.
ზუსტად ისე იქცევიან, როგორც გასული საუკუნის 20-იანი წლების ბოლშევიკები. ამ საფრთხისა და რეალობის გათვალისწინებით, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სწორედ ამერიკელებთან და ასევე, ევროპელებთან, რომ დასავლური კურსის განმტკიცებისთვის გამოყოფილი დაფინანსებით, ბოლოს საქართველოში სამოქალაქო ომი არ გაჩაღდეს, აი, მაშინ კი, ნამდვილად ისარგებლებს მესამე მხარე... და, გარწმუნებთ, მე და ჩემი მეგობრები, როგორც აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომების დროს, ისევ საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვას შევეწირებით, ხოლო ხიდაშელი და უსუფაშვილი პირველები გაიქცევიან ახალგორში, - რუსებთან ჩასახუტებლად", - ნათქვამია ინაშვილის განცხადებაში.