საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიაში სამუშაო ვიზიტის დროს შეხვედრა გამართა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარესთან დანიელ მიტოვთან. შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები, შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე პროცესები, ევროპაში არსებული გამოწვევები და ორი ქვეყნის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის ევროპის საბჭოსა და ეუთოში და მათ საპარლამენტო ასამბლეებში.
შეხვედრაზე მასპინძელმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზე, რომ ბულგარეთი, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გამოთქვამს მზადყოფნას, რომ კვლავ დააყენებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვების საკითხს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ბულგარეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირების პროცესს. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის საკითხი. საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბულგარეთი მხარს უჭერს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს და მიესალმება ჩვენი ქვეყნის წარმატებას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით.
შეხვედრის დასასრულს თედო ჯაფარიძემ დანიელ მიტოვი საქართველოში მოიწვია, რომელიც ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიამოვნებით მიიღო და განაცხადა, რომ მისი ოფიციალური ვიზიტი თბილისში პოზიტიური ნაბიჯი იქნება ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებისა და შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის ფარგლებში ახალი იმპულსების მიცემისთვის.