დედაქალაქის მერია თბილისში არსებული ტაქსების რეგისტრაციას აპირებს. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე საუბრობს და „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ტაქსების რეგისტრაცია არანაირ ხარჯებთან არ იქნება დაკავშირებული.
აქვე ლექვინაძე განმარტავს, რომ ტაქსების ლიცენზირების საკითხი ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას.
„ეს არ იქნება ტაქსების ლიცენზირება. ეს არის ტაქსების რეგისტრაცია, აღრიცხვიანობა, რომელიც მოიცავს მხოლოდ იმ პროცესს, რომ თბილისში მოძრავი ტაქსები იყოს აღრიცხული და ვიცოდეთ, ავტომობილი, რომელიც მოძრაობს და მძღოლი, რომელიც ტაქსის მართავს. აი, ეს არის მარტივი მიზანი, აღრიცხვიანობა/რეგისტრაციის, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე. ახლა სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, როგორ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას.
ეს არ იქნება ხარჯიანი პროცედურა, რათა არ შეიზღუდოს მათი რაოდენობა. მძღოლებს არანაირი თანხის გადახდა არ მოუწევთ. ეს ყველაფერი ძალიან მარტივად იქნება, გვეცოდინება ინფორმაცია ტაქსისა და მძღოლის შესახებ. სხვა დამატებითი რეგულაციები არ განიხილება. ტაქსების ლიცენზირების საკითხი ამ ეტაპზე დღის წესრიგში საერთოდ არ დგას", - განაცხადა ლექვინაძემ.
წყარო: „პრაიმტაიმი"
(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)