რა პროცესები მიმდინარეობს ტელეკომპანია „მაესტროში", რა საფრთხეები მოდის კომპანია „ვიმპელკომისგან", უნდა გახდეს თუ არა რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფა დასჯადი და უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, - აღნიშნულ თემებზე „რეპორტიორს" „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე ესაუბრა.
- ბატონო დიმიტრი, როგორ აფასებთ ტელეკომპანია „მაესტროს" გარშემო მიმდინარე პროცესებს?
- თუ ვინმეს ჩანაფიქრი აქვს, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, წინასაარჩერვნო პროცესში, უზრუნველყოს საკუთარი დაჯგუფება მედიაში, მან ეს ჩანაფიქრი მინიმუმ ისე უნდა უზრუნველყოს, რომ თეთრი ლაქები არ ჩანდეს. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ის პროცესები, რასაც დღეს „მაესტროსთან" დაკავშირებით ადგილი აქვს, პირდაპირ არის პოლიტიკური კონიუნქტურით ნაკარნახევი.
- „ვიმპელკომი" შესაძლოა „კავკასუს ონლაინის" ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის კაბელის მფლობელი გახდეს. რამდენად მისაღებია თქვენთვის აღნიშნული გარემოება?
- ვეთანხმები „მაგთიკომის" გენერალურ დირექტორს, რომ ინტერნეტი არ არის ჩვეულებრივი საკომუნიკაციო საშუალება. ეს არის სერიოზული იარაღი და ვინც ამ იარაღს ფლობს, ის ბუნებრივია, გარკვეულწილად ადგენს თავის თამაშის წესებს. ბუნებრივია, როდესაც ბოჭკოვანი კაბელის ხელში ჩაგდების შესაძლებლობის ფაქტის წინაშე დგება ესა თუ ის კომპანია, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას პოლიტიკური ელფერი ყოველთვის ექნება. თუმცა, ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ „ვიმპელკომი" არ არის დაინტერესებული ბოჭკოვანი კაბელის შეძენით. თუ რა პროცესები განვითარდება და რა მოვლენები მოჰვყება ამას, მალე ვიხილავთ.
- უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში, რომ ოჯახი არის ქალისა და კაცის ერთობა?
- თავად ის ფაქტი, რომ ეს თემა ჩნდება დღეს ჩვენს სამართლებრივ, ზნეობრივ, იურიდიულ და მორალურ სივრცეში, არის ძალიან შეურაცხმყოფელი ქართველი საზოგადოებისთვის. საზოგადოება დაიღალა ამ თემებზე მსჯელობით. საზოგადოების ყოფა-ცხოვრების კანონზომიერება საუკუნეებია გაწერილია ქართულ დღის წესრიგშიც და სამოქალაქო კოდექსშიც. დღეს რომ მეუღლეთა პერსონიფიცირება უნდა მოხდეს ქალად და მამაკაცად, ვფიქრობ, რომ ამაზე მსჯელობაც კი, უბრალოდ, დიდი შეურაცხყოფაა ქართველი საზოგადოებისთვის. მეუღლენი შეიძლება იყვნენ მხოლოდ ქალი და მამაკაცი.
მაგრამ, მეორე მხრივ, ამ თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ბუნებრივია, დაისმის კითხვა, თუკი კონსტიტუციაში ის ჩანაწერი არ გვაქვს, რაც მოგვეპოვება იერარქიით უფრო დაბალ საფეხურზე მყოფ კანონმდელობაში, რა უშლით ხელს ჩვენს კანონმდებლებს, რომ მოაწერონ ხელი იმ პეტიციას, რომელიც სანდრო ბრეგაძის მიერ იქნა წარდგენილი გუშინ პარლამენტში? ძალიან მარტივად დგას საკითხი, 76 დეპუტატი არ უნდა მოიძებნოს 5 წუთის განმავლობაში, რომ ძალიან ბუნებრივად გაეცეს კითხვებს პასუხი?!
ძალიან სამწუხაროდ და სამარცხვინოდ მიმაჩნია, რომ ვინაიდან 76 დეპუტატი ჯერ ვერ მოიძებნა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობაში, საკითხი უკვე ისე დადგა, რომ სარეფერენდუმო შეკითხვა გაეგზავნა გუშინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
- უნდა გახდეს თუ არა რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფის მიყენება დასჯადი?
- არ ვეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც ამ საკითხს მიიჩნევენ მეორეხარისხოვნად და აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. ეს ასე ნამდვილად არ არის. ის, რაც ქობულეთში მოხდა, როდესაც ისლამური თემის საკულტო ნაგებობას მიაჭედეს ღორის თავი, ამას სისხლის სამართალში კვალიფიკაცია ვერ მოეძებნა, რადგან არ არსებობს რეგულაცია, რომელიც მსგავსი ტიპის ქმედებებს მართლსაწინააღმდეგობის კვალიფიკაციას მიანიჭებდა. ასეთი რამ ვერ მოიძებნა ვერც ადმინისტრაციულ კოდექსში.
სამ მაგალითს მოვიყვან: 1) ისლამური თემისთვის შეურაცხმყოფელი ფაქტი, როდესაც ღორის თავი მიაჭედეს მეჩეთს; 2) სინაგოგას გამოუსახეს ფაშისტური სვასტიკა; 3) 2005 წელს სახარების ოთხთავი დახიეს, დაღეჭეს და გადააფურთხეს. ეს ყველაფერი არ იყო პირდაპირი პროვოკაცია და ადამიანების გამოწვევა? რა თქმა უნდა, იყო. ისმის კითხვა, რა შუაშია აქ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება? ეს არის ძლიერი შეურაცხყოფა. რელიგიური გრძნობის ძლიერი შეურაცხყოფა არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ მხატვრული ნაწარმოები დაწერა გარკვეული სიუჟეტებით ან ფილმი გადაიღო და ჩვენ ამისთვის მას პასუხი უნდა მოვთხოვოთ.
ვეთანხმები ქალბატონი ეკა ბესელიას კომიტეტის იმ დასკვნას, რომელშიც ძალიან კონკრეტულად არის მოცემული, საერთაშორისო სამართლებრივი პრაქტიკის გათვალისწინებით, მსგავსი შემთხვევები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ არ არის საუბარი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე. აქ საუბარია პირდაპირ განზრახვაზე, რომ საზოგადოების შიგნით გარკვეულ ჯგუფებს შორის მოხდეს დაპირისპირება, რომელიც განპირობებული იქნება რელიგიურ ნიადაგზე.