reportiori.ge - ომარ ნიშნიანიძე: პირველი დეპუტატი ვიყავი, რომელმაც ამ ინიციატივას ხელი მოაწერა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 03:25
ინტერვიუ
ომარ ნიშნიანიძე: პირველი დეპუტატი ვიყავი, რომელმაც ამ ინიციატივას ხელი მოაწერა!
12 თებერვალი, 2016. 13:41


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პროცესებთან დაკავშირებით, „რეპორტიორის" კითხვებს პასუხობს:

 

- ბატონო ომარ, უნდა დაინერგოს თუ არა სკოლებში საგანი „მე და საზოგადოება"?


- განათლების მინისტრმაც გააკეთა ამასთან დაკავშირებით განმარტება, რომ ის უხერხულობა, რასაც ამ საგნის შემოტანა იწვევდა, მოხსნილია. ვინც ამ საგნის შემოტანას აპროტესტებდა თავის დროზე, ისინიც კი ამბობენ, რომ კონსულტაციების შედეგად, გარკვეულწილად შესწორებულია სახელმძღვანელო. ამიტომ, რამდენადაც ვიცი, ამ მდგომარეობით, აღნიშნული საგნის შემოტანა სკოლებში შესაძლებელია. თუმცა, საგანი სკოლებში 2017-2018 წლებში შემოვა, რადგან ამ ყველაფერს მომზადება სჭირდება. პედაგოგები უნდა გადამზადდნენ და შემდეგ შესაძლებელი გახდება, რომ საგანი შემოვიტანოთ სკოლებში. ასე რომ, არ მგონია, აქ რაიმე საგანგაშო იყოს.


- როგორ აფასებთ „მაესტროში" მიმდინარე პროცესებს?


- არ მიმაჩნია სწორად, რომ პოლიტიკოსებმა ამ თემაზე სერიოზული კომენტარები აკეთონ. საკმაოდ ფაქიზი თემაა და ამიტომ, უმჯობესია, დავანებოთ თავი. დამფუძნებლები და კოლექტივი თავად გადაწყვეტენ რა და როგორ უნდა იყოს. ჩვენ კი, პოლიტიკოსებმა, ჩვენს საქმეს მივხედოთ. მადლობა ღმერთს, რომ დღეს არავინ არავის ზღუდავს. ამიტომ, თუკი ოდნავი ეჭვიც არის, ისიც უნდა გამოვრიცხოთ და პოლიტიკოსებმა ასეთ საკითხებზე კომენტარებისგან თავი უნდა შევიკავოთ.


- აშშ-ის დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელი საქართველოში პრორუსული ორიენტაციის გააქტიურებაზე საუბრობს. შეესაბამება თუ არა აღნიშნული რეალობას?


- ბუნებრივია, ჩვენ ისეთი გეოსტრატეგიული მდებარეობა გვაქვს, რომ ყველა ცდილობს, ჩვენთან გააქტიურდეს. ამიტომ, არ გამიკვირდება, თუ წინასაარჩევნოდ პრორუსული პროპაგანდა ცოტა ოდნავ მაინც გააქტიურდება. მაგრამ, დღესდღეობით არ მგონია, რომ საგანგაშო ვითარება იყოს ამ კუთხით. ჩვენ მყარად ავირჩიეთ პროდასავლური კურსი და არ ვაპირებთ გზიდან გადახვევას. თუ ჩვენი ოპონენტები ტეხენ ამაზე ამბავს, ეს ცრუ განგაშია. ჩვენ მყარად ვდგავართ პროდასავლურ კურსზე და ვერავითარი, რუსული, ირანული, თურქული თუ სხვა ქვეყნის აგიტაცია ამას ვერ შეცვლის.


- ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე რას იტყვით?


- ნებისმიერ ქვეყანასთან მიმოსვლისა და კავშირების გაიოლება მისაღებია. ჩვენ ირანთან რამდენიმე წელია რადიკალური ნაბიჯები ვერ გადავდგით და ვერც გადავდგამდით, რადგან ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს აღნიშნული ქვეყნისთვის გარკვეული სანქციები ჰქონდათ დაკისრებული. ბუნებრივია, უნდა მოვუფრთხილდეთ ჩვენი მეგობრებისა და სტრატეგიული პარტნიორების პოზიციას. მაგრამ, დღესდღეობით ეს პრობლემა გარკვეულწილად მოხსნილია. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება.


- ეთანხმებით თუ არა, რომ რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფა დასჯადი გახდეს?


- ნებისმიერი შეურაცხყოფა დასჯადი უნდა იყოს. რა ფორმით მოხდება ეს, იურისტების კომპეტენციაა. ზოგადად, ნებისმიერი შეურაცხყოფა არ არის კარგი, არ ეგების ჩვენს ტრადიციასა და კულტურას. ამიტომ, საგანგაშოდ არ მიმაჩნია ამ კანონის მიღება. ეს კანონი დაიხვეწება, გაიმართება, შედგება მსჯელობა, ჩავრთავთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სპეციალისტებს და არა მგონია, რომ დღეს ჩვენმა პარლამენტმა ვერ მიიღოს ისეთი კანონი, რომელიც არ შეზღუდავს არავითარ ცივილიზებულ ფორმას, მითუმეტეს გამოხატვის საშუალებას. იმედია, საზოგადოებასთან კონსენსუსს მივაღწევთ.


- უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში, რომ ოჯახი არის ქალისა და კაცის ერთობა?


- პირველი დეპუტატი ვიყავი, რომელმაც აღნიშნულ ინიციატივას ხელი მოაწერა. მიმაჩნია, რომ ეს განმარტება კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს. არავინ არავის ერჩის. მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი. შესაძლოა, აღსრულების მომენტში, კანონი ცოტა სუსტი იყოს, მაგრამ ესეც დაიხვეწება. დანარჩენს რაც შეეხება, ჩვენს ქვეყანაში აბსოლუტურად ყველა უმცირესობა დაცულია. ჩვენ უბრალოდ გვსურს, შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიციები, რაც კარგი გვაქვს შემორჩენილი, თორემ ცუდიც ბევრი გვაქვს. რა თქმა უნდა, თანდათანობით ამისგანაც გავიწმინდებით. მოდერნიზაციაც საჭიროა და დასავლური კურსი სწორედ ამას გულისხმობს. უნდა წავიდეთ პროგრესის გზით და ამავდროულად შევინარჩუნოთ ჩვენი კულტურა. მთავარია, რომ არავინ დაზიანდეს და საზოგადოებამ კონსენსუსს მიაღწიოს. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016