„ეს გახლავთ ნაციონალების მიერ გასხვისებულ ტყეთა უმნიშვნელო ჩამონათვალი. აქედან ნათლად ჩანს, რომ მათ არ გააჩნიათ მორალური უფლება, თავს ბუნების და ტყის დამცველები უწოდონ!“ - ამ განცხადებას „ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე „რეპორტიორთან“ საუბრისას აკეთებს. ქადაგიძე ციხისძირში, ასწლოვანი ხეების გადარგვასთან დაკავშირებულ ხმაურს აფასებს:
„ბოლო რამდენიმე დღეა, რაც ერთ-ერთმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ „განგაშის ზარი“ შემოკრა, როდესაც გაიგო, რომ ციხისძირის ტერიტორიიდან იგეგმება რამდენიმე ხის გადარგვა. მათ ეს მოვლენა დაუკავშირის ქვეყნის ექს-პრემიერს ბატონ ბიძინა ივანიშვლის.
ადრეც მოგახსენეთ, რომ ნაციონალებს აშკარად ინტელექტუალური კრიზისი აქვთ და ყველა ხერხით ცდილობენ პოლიტიკური ქულების დაწერას, მაგრამ ახლა აშკარაა, რომ მათ ინტელექტთან ერთად, პრობლემები მორალთან დაკავშირებითაც აქვთ (მორალურ მხარეს ოდნავ მოგვიანებით მოგახსენებთ). პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ჯერ დაუდგენელია, თუ ვინ არის ამ ხეების გადარგვის ინიციატორი, ასე რომ, ბიძინა ივინიშვილისაკენ ხელის გაშვერა არ მიგვაჩნია მართებულად მანამ, სანამ ოფიციალურად არ დადასტურდება, რომ ეს ხეები მის საკუთრებაში გადადის.
ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ხეები არ არის წითელ წიგნში შეტანილი, შესაბამისად, მისი გადარგვა არ უნდა იწვევდეს ასეთ მასშტაბურ ვნებათაღელვას. აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე ხის გადარგვაზე და არა ტყის მასიურ განადგურებაზე და ა.შ.
ზოგადად ხის გადარგვის პრაქტიკა მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია, ის შესაძლოა განხორციელდეს ეკონომიკური სარგებლის მიღების სურვილით, ფლორის გამრავალფეროვნების მიზნით და ა.შ.
რაც შეეხება მორალურ მხარეს - სასაცილოა, როდესაც ამ ყველაფერს ნაციონალები აპროტესტებენ. სწორედ მათი მმართველობის პერიოდში მოხდა საქართველოს ტყეების დიდი ნაწილის მიყიდვა უცხოელი ინვესტორებისათვის, რიგ შემთხვევებში ტყის სარგებლობით უფლება ინვესტორს რამდენიმე ათეული წლითაც კი გადაეცა. ეს ყველაფერი სამწუხაროდ, მძიმედ აისახება საქართველოს ბუნებაზე რამდენიმე წლის შემდეგ. ფაქტიურად, მათ საქართველო ტყის გარეშე დატოვეს.
ამჟამინდელ ხელისუფლებას დიდი ძალისხმევა უწევს იმისათვის, რომ მოახდინონ ამ კაბალური ხელშეკრულებების გადახედვა და ა.შ.
რამდენიმე სიტყვით შევეხები მათ მიერ გასხვისებული ტყეების საკითხს. 2009 წელს 10-წლიანი ვადით გაყიდეს 6 ლიცენზია, რომელთა საერთო ღირებულებამ მიზერული თანხა 797 359 ათასი ლარი შეადგინა. მათ მიერ გასხვისებული ფართობი კი ასე გამოიყურება: კახეთი - 1127 ჰა. შიდა ქართლი - 348,8 ჰა. ადიგენის სატყეო უბანი 60,8 ჰა. იმერეთი - საჩხერის სატყეო უბანი - 963 ჰა... ეს გახლავთ მათ მიერ გასხვისებულ ტყეთა უმნიშვნელო ჩამონათვალი მხოლოდ 2009 წელს. აქედან ნათლად ჩანს, რომ მათ არ გააჩნიათ მორალური უფლება, თავს ბუნების და ტყის დამცველები უწოდონ“, - აცხადებს ქადაგიძე.