გუშინ სუპერმარკეტ "ზღაპარში" შუახნის მამაკაცი დააკავეს. სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჯიქიას ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტში მამაკაცმა ტკბილეულის მოპარვა სცადა. სამართალდამცველების ადგილზე მისვლის შემდეგ მამაკაცი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. როგორც მარკეტის თანამშრომელმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ხანშიშესული მამაკაცი "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ჩიორა თაქთაქიშვილის მამაა.
ინფორმაცია სუპერმარკეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან გადავამოწმეთ: ნამდვილად მოხდა ქურდობა, ხანშიშესულმა მამაკაცმა მოიპარა ტკბილეული, თუმცა ზუსტად რისი მოპარვა სცადა, არ ვიცი.
- ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ქურდობაში მხილებული მამაკაცი ჩიორა თაქთაქიშვილის მამა, დავით თაქთაქიშვილია...
- არ ვიცი ვისი მამა იყო, პირადად მე იმ მამაკაცის სახელიც არ ვიცი. ქურდობის ფაქტი ნამდვილად მოხდა, მაგრამ ვისი მამა იყო არ ვიცი. პოლიციაც იყო, პირადად მე ადგილზე არ ვიმყოფებოდი, ამიტომ სხვა ინფორმაცია არ მაქვს.
"ამბები.გე"-ს ქურდობის შესახებ ინფორმაცია შსს-ს პრესსამსახურშიც დაუდასტურეს. უწყების ცნობით, სუპერმარკეტ "ზღაპარში" მომხდარ ქურდობაზე მხილებულია ერთი მამაკაცი დ.თ. და მომხდარზე საქმე აღძრულია 177-ე მუხლით.
ინფორმაცია გადავამოწმეთ თავად დეპუტატთანაც: "სრულიად გაკვირვებული ვარ. პირველად მესმის თქვენგან ეს ამბავი, წარმოდგენა არ მაქვს, სრული აბსურდი მგონია ეს ყველაფერი. გავარკვევ", - აღნიშნა ჩიორა თაქთაქიშვილმა ჩვენთან საუბარში.