რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ NATO-რუსეთის ურთიერთობა „ცივი ომის" პერიოდს დაუბრუნდა, ერთიანი ევროპა კი აღარ არსებობს.
„კვლავ არამეგობრული და, ჩვენი შეფასებით, დახურული რჩება NATO-ს პოლიტიკური პოზიცია რუსეთთან მიმართებაში. თითქმის ყოველდღე ჩვენ NATO-სთვის ყველაზე დიდ საფრთხეს გვიწოდებენ, იღებენ ფილმებს, სადაც რუსები ბირთვულ ომს იწყებენ. ხანდახან ვფიქრობ: ახლა 2016 წელია თუ 1962?
ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილო აფრიკის ქვეყნებში კონფლიქტები გამწვავდა, შეიქმნა მიგრაციული კრიზისი, ურთიერთობა ევროკავშირსა და რუსეთს შორის გაუარესდა, უკრაინაში კი „სამოქალაქო ომი" მიმდინარეობს", - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.
რუსეთის პრემიერის განცხადებით, მიგრაციულმა კრიზისმა საფრთხე შეუქმნა შენგენის ზონის არსებობას.
სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის პრემიერი სირიის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სირია, როგორც ერთიანი სახელმწიფო, არ უნდა დაიშალოს.
მოამზადა ნათია ცუხიშვილმა