უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები „რუსეთის აგრესიაა".
„უკრაინაში სამოქალაქო ომი კი არა, პუტინის აგრესიაა. ყირიმში სამოქალაქო ომი კი არა, ჯარებია, რომლებმაც ყირიმის ოკუპაცია მოახდინეს.
რუსეთთან დიალოგი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ის უკრაინიდან ჯარებს გაიყვანს და სირიაში სამხედრო მოქმედებებს შეწყვეტს", - განაცხადა პოროშენკომ.
პოროშენკომ შეახსენა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მონაწილეებს, რომ საქართველოსა და მოლდოვას წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ რუსეთთან დაწყებულმა დიალოგმა ყირიმის დაცვა ვერ შეძლო.
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ NATO-რუსეთის ურთიერთობა „ცივი ომის" პერიოდს დაუბრუნდა, ერთიანი ევროპა კი აღარ არსებობს.
„კვლავ არამეგობრული და, ჩვენი შეფასებით, დახურული რჩება NATO-ს პოლიტიკური პოზიცია რუსეთთან მიმართებაში. თითქმის ყოველდღე ჩვენ NATO-სთვის ყველაზე დიდ საფრთხეს გვიწოდებენ, იღებენ ფილმებს, სადაც რუსები ბირთვულ ომს იწყებენ. ხანდახან ვფიქრობ: ახლა 2016 წელია თუ 1962?
ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილო აფრიკის ქვეყნებში კონფლიქტები გამწვავდა, შეიქმნა მიგრაციული კრიზისი, ურთიერთობა ევროკავშირსა და რუსეთს შორის გაუარესდა, უკრაინაში კი „სამოქალაქო ომი" მიმდინარეობს", - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.
მოამზადა ნათია ცუხიშვილმა