რომის პაპმა და რუსეთის პატრიარქმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რომელშიც საერთაშორისო საზოგადოებას ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანების დაცვისკენ მოუწოდეს. ფრანცისკე პირველისა და კირილის შეხვედრა ჰავანას აეროპორტში, ნეიტრალურ ზონაში გაიმართა. კათოლიკური და რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლებმა მსოფლიო თანამეგობრობას სირიაში 2013 წელს გატაცებული მიტროპოლიტების გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. დეკლარაციაში უკრაინის საკითხსაც დაეთმო ყურადღება. პატრიარქი კირილი და რომის პაპი ფრანცისკე მიიჩნევენ, რომ კონფლიქტის ყველა მხარემ კეთილგონიერება უნდა გამოავლინოს. "ვწუხვართ უკრაინაში დაპირისპირების გამო, რომელსაც უამრავი სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელმაც მშვიდობიან მოსახლეობას ტანჯვა მოუტანა და საზოგადოება ღრმა ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ კრიზისში ჩააგდო", - ნათქვამია დეკლარაციის ტექსტში. ამას გარდა, დოკუმენტში რომის პაპი და რუსეთის პატრიარქი წუხილს გამოთქვამენ ერთსქესიანი ქორწინების ტრადიციულთან გათანაბრების გამო.
კირილისა და ფრანცისკეს შეხვედრის ორგანიზებისათვის მოლაპრაკებები 2 წელი გრძელდებოდა. საბოლოო გადაწყვეტილება კი 2015 წლის შემოდგომას იქნა მიღებული. რომის პაპისა და რუსეთის პატრიარქის შეხვედრას კუბაში ისტორიული უწოდეს, რადგან ეს რუსული მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების წინამძღოლების პირველი შეხვედრა იყო.
წყარო: „20/30 news"