reportiori.ge - NBA ძალას იკრებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 14:22
სპორტი
NBA ძალას იკრებს
21 ნოემბერი, 2013. 14:14

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მესამე კვირა მიილია. დასკვნების გაკეთება, რა თქმა უნდა, ნაადრევია, თუმცა გუნდების შესაძლებლობებზე გარკვეული წარმოდგენა უკვე ჩამოყალიბდა. ჯერ ჩვენებურებზე ვთქვათ. თორნიკე შენგელიაზე სათქმელიც არაფერია. ჯერ იყო და რანგით დაბალ დივიზიონში გაუშვეს, მაგრამ ორ დღეში უკან გამოიწვიეს, რადგან ძირითადი ხუთეულის მოთამაშეებმა ბრუკ ლოპესმა, კევინ გარნეტმა და პოლ პირსმა ერთდროულად მიიღეს ტრავმები. თორნიკეს თავის გამოჩენის შანსი ჰონდა, მაგრამ ეტყობა, ტრავმის შემდეგ ფორმის აღსადგენად დრო სჭირდება. თავად მის გუნდს რაც შეეხება, „ბრუკლინისგან" ასეთ ცუდ სტარტს არავინ ელოდა, 11 თამაშიდან 8 მარცხი ვარსკვლავებით გაძეძგილი „ნეთსისთვის" ნამეტანია; ამას მთავარი მწვრთნელის ჯეისონ კიდის გამოუცდელობაც ემატება და ყველა ექსპერტი ახალ წლამდე გუნდში დიდ ცვლილებებს წინასწარმეტყველებს.


ზაზა ფაჩულიას „მილუოკის" უფრო უარესი მდგომარეობა აქვს, 12 შეხვედრაში მხოლოდ ორი გამარჯვება. თავად ზაზა ცუდად არ გამოიყურება, საშუალოდ 8 ქულასა და 8 მოხსნას აგროვებს, რიგ მატჩებში თავისიანებში საუკეთესოც გახლდათ, მაგრამ ტრავმიანობის ეპიდემიამ ირმების გუნდსაც მიუკაკუნა, შედეგად ცენტრალურ დივიზიონში ბოლო ადგილი და ორივე კონფერენციაში ყველაზე ნაკლები ჩაგდებული ბურთი.


წარუმატებელ გუნდთა შორისაა კიდევ ერთი ვარსკვლავური გუნდი „ნიუ-იორკ ნიკსი": 8 მარცხი და 3 მოგება. კარმელო ენტონი ქულებს ბლომად კი აგროვებს, მაგრამ პროცენტული მაჩვენებელი შარშანდელზე გაცილებით უარესი აქვს. შეუმჩნეველია ტაისონ ჩენდლერი, ამარე სტაუდმაიერის ფორმაში ჩადგომას კი საშველი არ დაადგა.


მოწინავეთა შორის არიან „სან ანტონიო", „ინდიანა", „პორტლენდი" და „მაიამი". სტაბილურად ასპარეზობენ სხვა ფავორიტებიც: „კლიპერსი", „ოკლაჰომა" და „გოლდენ სტეიტი".


ყველა ინტერესით ელოდა „ჰიუსტონში" დუაიტ ჰოვარდის მისვლის შედეგს. სუპერმენმა ჰიუსტონელებს იმედები არ გაუცრუა და ჰარდენთან და პარსონსთან ერთად საუკეთესოა. გუნდის მიერ მოგებულ 8 შეხვედრაში ლომის წილიც მას ეკუთვნის, თუმცა საჯარიმოებს კვლავინდებურად კატასტროფულად ასრულებს.


ჯერ სეზონის დასაწყისია, მაგრამ უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ შარშანდელი ფინალისტები: „მაიამი" და „სან ანტონიო" ყველაზე უკეთ გამოიყურებიან. „ბოსტონიდან" „კლიპერსში" გადაბარგებულ დიდ მწვრთნელს დოკ რივერსს დრო სჭირდება, რომ გუნდი თავის სქემებს მოარგოს და როცა კალიფორნიელები დოკის დაცვით რედუტებს ალღოს აუღებენ, იქნებ საჩემპიონო ამბიციებიც გაუჩნდეთ.


არაფრით შეიძლება „ინდიანას" ჩამოწერაც, ამ გუნდმა კიდევ უფრო ძლიერი ბოქლომები დაადო საკუთარ კალათს და საშუალოდ 84 ქულას უშვებს, ეს კი ლამის ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია. შესანიშნავ ფორმაში არიან გუნდის ლიდერები: პოლ ჯორჯი ძველებურად ბომბავს მოწინააღმდეგის კალათს, როი ჰიბერტი კი ყოველ მატჩში 4-5 ბლოკშოტს ახერხებს. ეყოფათ ძალა სეზონის ბოლომდე? თუ კი, მაშინ „მაიამი ჰიტის" გულშემტკივრებს სერიოზული თავსატეხი გაუჩნდებათ.


სამწუხაროა, რომ კალათბურთის ქართველ ქომაგს NBA-ს მატჩების ხილვა აღარ შეუძლია, ამით არა მარტო გულშემატკივარი ზარალდება, არამედ ზოგადად ქართული კალათბურთიც. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016