reportiori.ge - თუში ვაჟკაცის, ჯაბანა მეზობლისა და პრეზიდენტობის კანდიდატების შესახებ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:29
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
თუში ვაჟკაცის, ჯაბანა მეზობლისა და პრეზიდენტობის კანდიდატების შესახებ
20 ნოემბერი, 2013. 20:50

ერთ გურულს ჰკითხეს: ვიოლინოზე დაკვრა თუ იციო და მეცოდინება ალბათო - სიამაყით უპასუხა.

ეს ერთმა გურულმა თქვა ასე.


მთლად ლიანა ისაკაძე ვარო, ამის თქმა ვერ გარისკა, მაგრამ ქართველს და მით უმეტეს გურულს, რამე არ ვიციო, ამის აღიარება სიკვდილივით ეჯავრება. ვიოლინო კი არა და კვანტურ ფიზიკაზეც რომ ეკითხათ, იმაზეც უპასუხებდა, ალბათო... ამ შემთხვევაში, ეს „ალბათ" პატარა მოკრძალებას მაინც ნიშნავს, მაგრამ არის თემები, სადაც ქართველებისთვის „ალბათ" კი არა და „თუც" დაუშვებელია.


ჩვენში რომ იკითხო, პოლიტიკაში თუ ერკვევიო, ნახევარი შეურაცხყოფილი სახით შემოგხედავს, რასაა რომ მეკითხებიო.


ამის შესანიშნავი მაგალითი საქართველოს ტელევიზიებით ყოველდღე შეგიძლიათ იხილოთ (მოგეხსენებათ, პოლიტიკურ პარტიებსა და პრეზიდენტობის კანდიდატებს სარეკლამო დრო აქვთ გამოყოფილი). რასაც აქ ნახავთ და მოისმენთ, იმას ამბიციაც აღარ ჰქვია. კამერების წინ ჭკვიანური სახით მსხდომი „პოლიტიკოსების" აბსოლუტურ უმრავლესობას წერა-კითხვის ცოდნის სერიოზული პრობლემა აქვს. წარმოდგენილი სიების მიხედვით კი მათი პარტიის მხარდამჭერთა ჯამი ბევრად აჭარბებს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობას.

წამოყენებული ათასგვარი პროექტის, დოქტრინისა და თეორიის ავტორებს, ყველაფერზე აქვთ ნაფიქრი.  კოჯრის ტყეში მუხაზე რკოს ისე სერიოზულად დაგითვლიან, შეიძლება სულ ორ-სამ ცალში შეცდნენ.


დაგვიჯერეთ და გეშველებათო, ყველას პირზე აკერია. რომ გავგიჟდეთ და მართლა დავიჯეროთ, ხომ დაიქცა ისედაც დაქცევის პირას მისული ქვეყანა.

არადა...


ასპინძის ცნობილ ომში ერთმა თუშმა ისე გამოიჩინა თავი ვაჟკაცობით, რომ თვით მეფე ერეკლეც აღტაცებაში მოიყვანა. ამ თუშს მოგვიანებით, ერეკლე მეორე სტუმრად ეწვია. მაშინ ასეთი საქციელი, როგორც ჩანს, ჩვეულებრივი ამბავი იყო. მთელი თუშეთი ფეხზე დადგა. თავისთავად ცხადია, არც მეფე ასულა სტუმრად მარტო მოკითხვისთვის. გმირობა ღირსეულ ჯილდოს მოითხოვდა და აკი, ასეც უთხრა: მთხოვე, რაც გინდა, შენ ყველა საჩუქრის ღირსი ხარო. ყველა დაინტერესდა, რას იტყოდა, რას მოსთხოვდა ერეკლეს მასპინძელი, ცხვარ-ძროხას, საძოვრებს თუ ოქრო-ვერცხლს? არჩევანიც დიდი ჰქონდა და არც სტუმარი ჰყავდა უპირო და მეფური სიტყვის გამტეხი.


რაც შემდეგ მოხდა, დარწმუნებული ვარ, ხალხი გააოცა. ალბათ, ბევრმა, გულში ირონიულადაც გაიცინა.

გმირები თავიანთი ღირსების შესაფერი წესითა და რიგით ცხოვრობენ და, თუ მაინცდამაინც სათხოვარი აქვთ ვინმესთან, სათხოვარიც და თხოვნის ფორმაც მათი ცხოვრების წესიდან მოდის.


- მეფეო, ჩვენს სოფელში ერთი უქნარა და ჯაბანი კაცი ცხოვრობს. სათიბში სიზარმაცის გამო არ დადის და ომსაც შიშის გამო ემალება. სამაგიეროდ, სახლში ისეთი ხმალი აქვს, მარტო მისი შეხედვა ღირს ერთ რამედ. მე რომ ვუთხრა, უარს მეტყვის. შენ ჩვენი ერეკლე ხარ, სთხოვე, ის ხმალი მაჩუქოს, მე მჭირდება, შენ კი უარს ვერ გაგიბედავსო.


არავინ იცის, ის სტუმრობა რით დამთავრდა, მიიღო თუ არა იმ თუშმა ნანატრი იარაღი. ან იქნებ, ხმალი დღესაც იმ უქნარა ადამიანის შთამომავლებს უკიდიათ შინ, გამოსაჩენ ადგილზე. იქნებ არც ეს ამბავი სმენიათ და ლამაზი ხმლის გამო თავიანთი „გმირი" წინაპრით ამაყობენ კიდევაც.


ვიღაც გვეტყვის, ადრე ბევრი რამ ხდებოდა, ასეთი კაცები დღეს სადღა არიანო?!

არიან და მერე რამდენი. ეგ არის, რომ არც მაშინ და არც ახლა მათი სახელები არ ვიცით. არც თავად გმირებს უყვართ თავიანთი ვინაობის გამხელა. არ სჭირდებათ.


გამხელა და რეზონანსი ღირსეულ საქციელს სჭირდება და არა მის ჩამდენს.

სხვათა შორის,  არც იმ თუშის სახელი შემოუნახავს ისტორიას, მას ზოგადად კაცი ჰქვია, თუში, ქართველი.

იქნებ აქ გავჩერებულიყავით და აღარაფერი გვეთქვა. გამგები ისედაც გაიგებს რაზეც ვსაუბრობთ, მაგრამ ახლაც ყველაფერი ცხოვრების წესიდან რომ მოდის, მათ შორის ისიც - უჩემოდ ვერას გახდებით და თუ ლიდერად მაღიარებთ, გეშველებათო. რა ვქნათ, შევეგუოთ? ხომ არ სჯობს, ამგვარი ცხოვრების წესზე, სანამ ჯერ კიდევ გვიან არ არის, ხელი ავიღოთ.


იმ თუშისა და მისნაირების მრწამსი სხვაგვარია: თქვენ მჭირდებით, რომ ჩემი საკეთებელი ღირსეულად ვაკეთოო.


ამასობაში, „მხსნელების" წინასაარჩევნო არმიამ ორმოცდაათს გადააჭარბა. კაი, ბატონო! ამათგან უმრავლესობას ეს საქციელი მომავალში შვილიშვილებთან სატრაბახოდ სჭირდებათ, ბაბუა პრეზიდენტობის კანდიდატი გვყავდაო, მაგრამ ეს მილეთის ხალხი, ქუჩაში გამოტანილ მაგიდებზე დახვავებულ ფურცლებს ხელს რომ ვაწერთ იმათ მხარდასაჭერად, ვისი ვინაობაც ოჯახის წევრების მეტმა არავინ იცის, ამაზე როდისღა უნდა ვიფიქროთ? ამჯერადაც არჩევნების შემდეგ?


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016