28 ნოემბერს საქართველოს მწერალთა სახლში ლიტერატურული კონკურსის „წერო" გამარჯვებული ავტორების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში კულტურის სამინისტრო რჩეულ მოთხრობას გამოავლენს და ავტორს სპეციალური სიგელითა და სამინისტროს მიერ გამოცემული წიგნებით დააჯილდოებს.
დაჯილდოების ცერემონიალზე მკითხველის შეფასებების საფუძველზე გამოვლინდება კონკურის I, II და III ადგილის მფლობელები. მათ შესაბამისად გადაეცემათ 3000 ლარი და კონკურსის სიმბოლო - ვერცხლის წერო, 2000 ლარი და 1000 ლარი. წიგნების მაღაზია „სანტა ესპერანსა" თავის რჩეულს დააჯილდოვებს მაღაზიის 100 ლარიანი ვაუჩერით. ტრადიციულად, დასახელდება ჟიურის რჩეული ნაწარმოებიც. ელექტრონული წიგნების მაღაზია lit.ge ყველაზე აქტიურ მკითხველებს 100 ლარიანი ლიტბარათებით დააჯილდოვებს.
დაჯილდოებაზე წარმოდგენილი იქნება „წერო 2013"-ის ფინალში გასული მოთხრობების კრებული. კრებულის ყიდვა შესაძლებელი იქნება ელექტრონული სახითაც ვებ-გვერდზე www.lit.ge.
ლიტერატურული კონკურსი „წერო" 2013 წლის 21 ოქტომბერს დაიწყო. 5-10 გვერდიანი ნაწარმოების გამოქვეყნება ელექტრონული წიგნების მაღაზია lit.ge-ის ვებ-გვერდზე ნებისმიერ მსურველს 11 ნოემბრამდე შეეძლო. სულ გამოქვეყნდა 248 ნაწარმოები.
კონკურსის მეორე ეტაპზე, ჟიურის წევრების მიერ შერჩეული 15 ნაწარმოები განთავსდა ვებ-გვერდზე lit.ge და მკითხველს 2 კვირის განმავლობაში მათი შეფასების შესაძლებლობა ჰქონდა. შეფასებები დაფარული იყო სხვა მკითხველებისთვის. შემფასებლებს ასევე საშუალება ჰქონდათ ჩართულიყვნენ ფორუმში და გამოეთქვათ თავიანთი აზრი ნაწარმოებების შესახებ.
ლიტერატურული კონკურსის „წერო" ორგანიზატორები არიან - ელექტრონული წიგნების მაღაზია "Lit.ge" და ფარმაცევტული კომპანია GPC. მხარდამჭერი - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.