„თემურ ქეცბაია საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელად უნდა დარჩეს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კახი კალაძემ განუცხადა. მინისტრი დარწმუნებულია, რომ მოლაპარაკების გზით საფეხბურთო ნაკრებში არსებული დაპირისპირება მოგვარდება. კალაძე აქვე დასძენს, რომ ამგვარი უთანხმოება ნაკრებში მას არ ახსოვს.
„ზოგადად, მტკივნეულია ის თემა, რაც ფეხბურთში ხდება, მაგრამ დარეგულირდება. მე ვფიქრობ, ყველაფრის დაბალანსება შეიძლება. უბრალოდ, დასხდნენ, გაისაუბრონ და თუ ვინმეს რამე აქვს ერთმანეთისთვის სათქმელი, სჯობს, არა ტელევიზიის და ჟურნალისტების საშუალებით მოხდეს, არამედ, დაილაპარაკონ. ადრე ასეთი უთანხმოება არ ყოფილა. მე მრავალი წელი ნაკრების კაპიტანი ვიყავი და ასეთი რამ არ მახსოვს. როდესაც რამე ხდებოდა, მაშინვე ირკვეოდა ყველაფერი და დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც ყველაფერი დალაგდება. ქეცბაია უნდა დარჩეს, უნდა მივცეთ საშუალება, იმუშავოს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, აქამდე რა ქვეჯგუფში ვიყავით", - განაცხადა კალაძემ.