ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის" საარტილერიო სკოლაში ოთხი სხვადასხვა სწავლება მიმდინარეობს. საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები საარტილერიო ოფიცრის ძირითად კურსს, ქვემეხის მეთაურის კურსს, 60 მმ-იანი ნაღმმტყორცნის სექციის გათვლის ნომრების მომზადებისა და მოწინავე მოთვალთვალეების მომზადების კურსებს ესწრებიან.
საარტილერიო ოფიცრის ძირითად კურსზე ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელები არიან მივლენილი. მსმენელები საარტილერიო მომზადების კურსზე 120 მმ-იანი ნაღმმტყორცნის ტაქტიკურ-ტექნიკურ მახასიათებლებს ეცნობიან.
ქვემეხის მეთაურის კურსს საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედროები ესწრებიან. კურსის მიზანს საარტილერიო საშუალებების მეთაურთა მომზადება წარმოადგენს.
60 მმ-იანი ნაღმტყორცნის სექციის გათვლის ნომრების მომზადების კურსზე მივლენილი სამხედრო მოსამსახურეები კი უკვე ასრულებენ სასწავლო პროგრამას. საბრძოლო სროლების დროს სამხედრო მოსამსახურეების მოქმედება და ცეცხლის წარმოების სიზუსტე მოწმდება.
სამხედროებს მეცადინეობები საარტილერიო მომზადების სკოლაში სპეციალურ სიმულაციების დარბაზში უტარდებათ. საარტილერიო კურსი 8 კვირა გაგრძელდება. მისი დასრულების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეები საკუთარ ქვედანაყოფებში გააგრძელებენ სამსახურს.
ეროვნული სასწავლო ცენტრის საარტილერიო მომზადების სკოლა პერმანენტულად ახორციელებს არტილერისტების გადამზადების პროგრამებს, რომლის მიზანსაც საარტილერიო დანაყოფებში მუდმივი საბრძოლო მზადყოფნა და კვალიფიკაციის ამაღლება წარმოადგენს.