სამართალდამცველებმა ქუთაისში ცრუ განგაშის ავტორი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა დაადასტურა. შსს-ს განცხადებას "რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1942 წელს დაბადებული, ქუთაისში მცხოვრები ომარ ფ. ცრუ შეტყობინების ბრალდებით დააკავეს.
ბრალდებულმა 26 ივლისს, 15:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში დარეკა და განაცხადა, რომ ქუთაისში, პარლამენტის შენობა აფეთქდებოდა.
სამართალდამცველები შეტყობინებიდან რამდენიმე წუთში გამოცხადდნენ ადგილზე. მათ შენობიდან დეპუტატებისა და იქ მომუშავე პერსონალის ევაკუაცია მოახდინეს. ამკრძალავი ლენტით შემოისაზღვრა პერიმეტრი. ადგილზე, შესაბამისი წესების დაცვით, შსს-ს გამნაღმველთა სამსახურმა და კინოლოგებმა იმუშავეს. დაახლოებით ერთსაათიანი მუშაობის შედეგად გაირკვა, რომ განგაში ცრუ იყო. პარლამენტის შენობაში ბომბის არსებობა არ დადასტურდა.
გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 331-ე მუხლით)."-აღნიშნულია განცხადებაში.