logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ყველას გვახსოვს რამდენიმე წლის წინ მიწაზე დაყრილი და იარაღმიბჯენილი ჟურნალისტები
- +

30 მაისი. 2016. 18:17


საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მედიის თავისუფლებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თავისუფლება მედია მხოლოდ საკუთარი ძალებით არ მოუპოვებია. ამის შესახებ ივანიშვილმა ღია წერილში ისაუბრა და აქვე აღნიშნა, რომ საქართველოში მედია სწორედ ტირანიის დამარცხების შემდეგ გათავისუფლდა.

 

„თავისუფლება  მედიას მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით არ მოუპოვებია. ყველას  გვახსოვს რამდენიმე წლის წინ მიწაზე დაყრილი და იარაღმიბჯენილი  ჟურნალისტები, ერთი და იმავე ტექსტებით მოსაუბრე ტელევიზიები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ იმ ქვეყანაში, რომელშიც ასიათასობით ადამიანმა ციხე იწვნია, ხოლო დანარჩენები იგივეს ელოდნენ, ცხოვრება მშვენიერი იყო.

 

საქართველოში მედია სწორედ ტირანიის დამარცხების შემდეგ გათავისუფლდა და როგორ დაუნდობლადაც არ უნდა აკრიტიკებდეს ხელისუფლებას, რომელსაც არცთუ მცირე წვლილი მიუძღვის ამ თავისუფალი გარემოს შექმნაში, თავად მედიის უფლებებს არავინ შეეხება.

 

ადრე მედია ამბობდა მხოლოდ იმას, რაც ხელისუფლებას სურდა და, შესაბამისად, ხელისუფლებისთვისაც ადვილი იყო საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება.  ნაციონალების ესოდენ ნაქები პიარი, სინამდვილეში იმით გამოიხატებოდა, რომ ყველა არხზე მხოლოდ სააკაშვილი იჯდა დილიდან საღამომდე და ხან სახურავებიდან  გვესაუბრებოდა და ხან მღვიმეებიდან. ყველა სხვა ინფორმაცია დახშული იყო.

 

დღეს მედია გახსნილია, ადამიანებმა თავად უნდა გამოიტანონ დასკვნები, რასაც სათანადო გამოცდილება სჭირდება და რაც ჯერ აკლია ჩვენს საზოგადოებას. მიუხედავად ამისა, სააკაშვილის პროპაგანდას და ცილისწამებას ჩვენ ძალადობით და აკრძალვით კი არ ვუპასუხებთ, არამედ - ანალიზით და მოვლენებისათვის სახელის დარქმევით. როდესაც მედია სრულიად თავისუფალია, საზოგადოებასაც და მთავრობასაც აქვთ უფლება, რომ გააკრიტიკონ იგი და ამხილონ კიდეც, თუკი არაკეთილსინდისიერ ქმედებებს შეამჩნევენ", - ნათქვამია ივანიშვილის ღია წერილში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner