„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა გამართეს. მსვლელობას სასულიერო პირები უძღვებოდნენ.
როგორც მამა დავით ისაკაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ისინი პარლამენტთან პარაკლისს გადაიხდიან.
„პირველი, ჩვენი აქ შეკრების მიზანი და მოთხოვნა არის ის, რომ თბილისში და ჩვენს ქვეყანაში არ ჩატარდეს ეს გარყვნილობის აქტი და საერთო საკანონმდებლო დონეზე იქნას აყვანილი ის, რომ არ მოხდეს ამ გადახრის აფიშირება. მეორე ის, რომ დამთავრდეს პოლიტიკური ვნებათაღელვა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც დესტრუქციულად განწყობილმა ფაშისტურმა პარტიამ „ევრო-ნაცებმა“ წამოიწყეს და გვინდა, ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ მშვიდობამ დაისადგუროს. ეს გავრილოვის ღამეც და ლგბტ თემატიკაც, ყველაფერი, არის ამათი მოწყობილი რამდენიმე საელჩოს დახმარებით, მათ შორის-ამერიკის. ასევე გაუგებარია აქციები, რომლებიც პარლამენტთან მე-18 დღეა იმართება. თუ ვინმეს პოეზიის საღამოს მოწყობა და კონცერტის ჩატარება უნდა, ამისთვის სხვა შესაფერი ლოკაცია არსებობს“, - განაცხადა მამა დავითმა.
„მივმართავ პოლიციას, გთხოვთ, უმოკლეს ვადაში, რამდენიმე წუთში დაიწყეთ ამ მარაზმის დემონტაჟი. ეს ჩვენი ქალაქია“, - აღნიშნა მამა დავითმა.