შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილის აღსანიშნავად, რუმინეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, „ვეფხისტყაოსნის" რუმინულენოვანი თარგმანი გამოიცა. წიგნის პრეზენტაცია ბუქარესტში მიმდინარე ყოველწლიური წიგნის ფესტივალის „Bookfest"-ის ფარგლებში გაიმართა.
გამოცემა რუმინელ მკითხველს წარუდგინეს რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია გიორგაძემ, რუმინეთში მოღვაწე ქართველმა პოეტმა და მთარგმნელმა ზაირა სამხარაძე-კალჩიუმ და გამომცემლობა „ePublishers"-ის დირექტორმა, პროფესორმა ვასილე პოენარუმ.
გამოცემაში გამოყენებულია „წერეთლისეული ვეფხისტყაოსნის" მინიატურები (17-18 საუკუნეები), რომლებიც საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრის მიერ სპეციალურად ამ გამოცემისთვის იქნა მიწოდებული.
აღსანიშნავია, რომ „ვეფხისტყაოსანი" რუმინეთში პირველად 1956 წელს გამოიცა და ნაწარმოების პირველი თარგმანი გამოჩენილ რუმინელ მწერალსა და მთარგმნელს ვიქტორ კერნბახს ეკუთვნის.