ბარსელონაში, საპროტესტო აქციების გამო, „წმინდა ოჯახის საკათედრო ტაძარი“- ”საგრადა ფამილია” (Temple Expiatori de la Sagrada Família) დამთვალიერებლებისთვის დროებით დაიკეტა.
როგორც დაწესებულების პრესსამსახური იუწყება, მომიტინგეების ჯგუფმა დილით, “საგრადა ფამილიას” შესასვლელი დაბლოკეს. ტაძრის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ ასეთ პირობებში ვიზიტორთა უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფენ, რის გამოც დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. პირებს, რომლებსაც ბილეთი უკვე შეძენილი აქვთ, მთელი თანხა უკან დაუბრუნდებათ.
ბარსელონას “ელ პრატის” საერთაშორისო აეროპორტმა გაფიცვების გამო, უკვე 57 ავიარეისი გააუქმა. გარდა ამისა, აქციის მონაწილებმა საფრანგეთის საზღვართან, ასევე ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით გზები გადაკეტეს.
ზოგიერთმა მომიტინგემ საბურავების დაწვა დაიწყო. როგორც სააგენტო AP-ი იტყობინება, სარკინიგზო კომპანიებმა გარეუბნებსა და საქალაქთაშორისო მარშრუტებზე ტრანსპორტირება შეამცირეს. შექმნილი ვითარების გამო, ბევრი მაღაზია და კერძო კომპანია დაიკეტა.
საპროტესო აქციის შედეგად, დაახლოებით ექვსი ადამიანი დაშავდა.
ბარსელონაში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 14 ოქტომბერს, დილით, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 2017 წელს კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხზე არალეგიტიმური რეფერენდუმის ჩატარებაში ბრალდებულ კატალონიის ხელისუფლების ყოფილ 12 წევრს განაჩენი გამოუტანა.