„მთავრობამ კიდევ ერთი და მე ვიტყოდი, ბოლო შანსი მისცა კონსორციუმს და ანაკლიის ინვესტორებს, რომ წლის ბოლომდე მოახერხონ და შეასრულონ ის ვალდებულებები, რაც ანაკლიის პორტის მშენებლობის ფარგლებში აკისრიათ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„კონსორციუმთან ასოცირებული პოლიტიკოსების მიერ ყურადღების გადატანა ხდება სხვა პოლიტიკურ სიბრტყეში და სხვა პოლიტიკურ პროცესებზე, მათ შორის გამოძიებასთან დაკავშირებული სხვადასხვა მომენტის სწორედ ახლა წარმოჩენით, როდესაც აქამდეც იყო ამის შესაძლებლობა. სწორედ ასეთ პროცესებზე ყურადღების გადატანით არიან დაკავებულნი იმის მაგივრად, რომ 24-საათიან რეჟიმში იყვნენ კონცენტრირებული ანაკლიის პორტთან მიმართებაში თავიანთი ძირითადი ვალდებულებების შესრულებაზე. ამიტომ მოვუწოდებ, ფუჭად არ გახარჯონ ეს დრო“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მიიღო პრაქტიკულად უპრეცედენტო გადაწყვეტილება და კიდევ ერთი შანსი მისცა ინვესტორს.
„შესაბამისად, დიდი იმედი გვაქვს, რომ ინვესტორი ვალდებულებების შესრულებაზე იქნება კონცენტრირებული და წლის ბოლოს, საბოლოო ჯამში, დადებს შედეგს. ჩვენთვის ანაკლიის პორტი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მეტი დაგვიანება მიუღებელია. იმედი გვაქვს, ინვესტორი წლის ბოლოს ხელშესახებ შედეგებს წარმოადგენს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, ნათია თურნავას თქმით, ანაკლიის პორტი თავიდანვე იყო ჩაფიქრებული როგორც პროექტი, რომელიც სახელმწიფოს და კერძო ინვესტორის პარტნიორობით გაკეთდებოდა.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, გვირჩევნია, რომ კერძო ინვესტორმა თქვას თავისი სიტყვა და წვლილი შეიტანოს ანაკლიის პორტის პროექტის განვითარებაში, სწორედ ამიტომ მივეცით კიდევ ერთი შანსი და გადავავადეთ. შემდგომში უკვე ვიფიქრებთ სხვა სტრუქტურაზე. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს პროექტი იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ მიუხედავად კერძო ინვესტორის პრობლემებისა, ამ პროექტს მაინც განვახორციელებთ“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.