logo_geo
eng_logo
თამარ ხულორდავა: ცხინვალის რეჟიმის განცხადება პროვოკაციულია, ამგვარ პროვოკაციებს არ უნდა ავყვეთ
- +

24 ოქტომბერი. 2019. 12:28

 

„ამგვარ პროვოკაციებს არ უნდა ავყვეთ, ჩემთვის ეს განცხადება პროვოკაციულია“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა.

 

„ვისურვებდი, მასზე კომენტირებაც არ მიწევდეს. მესმის, რომ ჩვენს საზოგადოებაში ამ თემის მიმართ ინტერესი ყოველთვის იქნება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საოკუპაციო ხაზზე მარტივი ვითარება არ არის. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ რთული ვითარებაა, რასაც დამოკიდებულება ძალიან დიდი სიფრთხილით სჭირდება, როგორც პოლიტიკოსების, ასევე საზოგადოების მხრიდან. ამგვარ პროვოკაციებს არ უნდა ავყვეთ. ჩემთვის ეს განცხადება პროვოკაციულია“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

 

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ასევე უსაფრთხოება უზრუნველყოფა ხალხისთვის, ვინც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ცხოვრობს.

 

„ეს იქნება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კონტროლირებადი მხარე თუ ის მხარე, რომელსაც სამწუხაროდ, არ ვაკონტროლებთ. უმნიშვნელოვანესია ის მუშაობა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და ხელისუფლება ყველა მიმართულებით ატარებს. პირველ რიგში, ეს შეეხება და უნდა ეხებოდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების დაშვებას, რადგან ასეთი პროვოკაციული განცხადებებისა და ნაბიჯების მსხვერპლი ადამიანები ხდებიან და მათი უფლებების დაცვა ჩვენი უპირველესი ამოცანა უნდა იყოს“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

 

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი აცხადებს, რომ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები ე.წ. საზღვრის მონაკვეთზე მასშტაბურ პროვოკაციას ამზადებენ.

 

ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი აღნიშნავს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დასახლებული პუნქტის სიახლოვეს ქართველი პოლიციელების ყოფნა და ბლოკპოსტის დადგმა არსებითად ზრდის სამხედრო საშიშროების რისკებს, რასაც შესაძლოა, ღია შეიარაღებული შეტაკება მოჰყვეს შედეგად.

 

როგორც ოკუპირებული რეგიონის ე.წ. კა-გე-ბე-ში აცხადებენ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ქართველი აქტივისტების, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების გადაადგილების თავისუფლებას ზღუდავს, რის გამოც მათ რაიონში შექმნილი სიტუაციის ობიექტური შეფასების შესაძლებლობა არ ეძლევათ.

 

სუს-ში აცხადებენ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის განცხადება პროვოკაციულია და დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს წარმოადგენს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner