„ბევრი რამაა სამეგრელოში, სადაც ტურისტი შეგვიძლია დავაკავოთ დაახლოებით 5-6 დღე“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში, ფერმერებთან შეხვედრისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა სამეგრელოში არსებული ტურისტული პოტენციალი მიმოიხილა და მისი განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა.
„რუსებმა რეისები რომ გააუქმეს ივლისში, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი – ამ ხუთი თვის განმავლობაში ქვეყნის ბიუჯეტმა დაკარგა 350 მლნ დოლარი. დღეს, საქართველოში ტურიზმიდან შემოსავლები ასცდა ორ მილიარდ დოლარს. ეს რეალური ფულია. აქედან, სამეგრელოდან მოდის ალბათ სამ პროცენტზე ნაკლები. ისიც, დიდი ალბათობით, არ მოდის, რადგან არ არის დაგეგმილი, არ არის ტურისტული პროდუქტი. ამაზე სამუშაოა. ეს თქვენმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ, გუბერნატორთან ერთად, ძალიან კარგად იცის.
ზუგდიდში სასტუმროებია გასაკეთებელი, ნოქალაქევია დროზე აღსადგენი, ბევრი ისტორიული ძეგლია. გასაკეთებელია მარშრუტი მარტვილი-ჩხოროწყუ, ჩხოროწყუ-წალენჯიხა, წალენჯიხა-ზუგდიდი. ძალიან ბევრი ხალხი დადის დაცულ ტერიტორიებზე. ბევრი რამაა სამეგრელოში, სადაც ტურისტი შეგვიძლია დავაკავოთ დაახლოებით 5-6 დღე. სჭირდება სასტუმროების ინფრასტრუქტურა ზუგდიდში და ფოთში პირველ რიგში. შემდეგ მესტია, მარტვილი. ჩხოროწყუ-წალენჯიხაში ალბათ უნდა განვითარდეს საოჯახო ტიპის სასტუმროები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.