„ვმუშაობთ, რათა გაიხსნას გადაკვეთის პუნქტები, რომლებიც ორი თვეა, დაკეტილია და იქ მყოფ მოსახლეობას ცუდ მდგომარეობაში აყენებს“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ახალგორში 70 წლის მარგარიტა მარტიაშვილის გარდაცვალების საკითხზე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.
„ძალიან დიდ მწუხარებას გამოვთქვამ, სამძიმარს ვუცხადებ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ქალბატონის გარდაცვალების გამო. ევროკავშირი აკვირდება მოვლენებს ადგილზე, ფაქტებს სწავლობენ. საბოლოო გადაწყვეტილებები ჯერ მიღებული არ არის. ეს არის ტრაგიკული შემთხვევა. ყველანაირად ვმუშაობთ იმაზე, რომ გაიხსნას გადაკვეთის პუნქტები, რომლებიც ორი თვეა დაკეტილია და იქ მყოფ მოსახლეობას ცუდ მდგომარეობაში აყენებს“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, 70 წლის ქალს ცხინვალში სათანადო სამედიცინო დახმარება ვერ გაეწია და გარდაიცვალა. მისივე ინფორმაციით, მარგარიტა მარტიაშვილი, რომელიც სოფელ იკოთში, დაბა ახალგორიდან ოთხ კილომეტრში ცხოვრობდა, რამდენიმე დღის წინ გახდა ცუდად. ის ახალგორის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„ბუნებრივია, იქ არანაირი პირობა არ არსებობს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. თხოვნის და მოთხოვნის მიუხედავად, მაინც უარი უთხრეს გადმოყვანაზე, გადაიყვანეს ცხინვალში და იქ გარდაიცვალა“, – განაცხადა თინიკაშვილმა.