„კელი დაგნანის განცხადებაში რაიმე მტრული დამოკიდებულების ამოკითხვა არის უსაფუძვლო და დაბოღმილი კაცის ლაპარაკს უფრო ჰგავს, ამასთანავე არის არაპროფესიონალურიც“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საქართველოში ამერიკის ელჩად წარდგენილ კელი დაგნანის განცხადებებს გამოეხმაურა.
„ვიდრე ელჩობის კანდიდატი იტყოდა, ჩვენმა ყველა წარმომადგენელმა, ყველა დონეზე, მათ შორის პოლიტსაბჭოს წევრებმა ნათლად განაცხადეს, რომ უნდა იქნას უზრუნველყოფილი იმ სტანდარტის არჩევნები, რომელიც ეკადრება საქართველოს, როგორც ევროკავშირის ასოცირებულ წევრს. რასაკვირველია, ელჩის განცხადებაც სწორედ ამ დამოკიდებულებას შეესაბამება. ამაში რაიმე მტრული დამოკიდებულების ამოკითხვა არის უსაფუძვლო და დაბოღმილი კაცის ლაპარაკს უფრო ჰგავს, ამასთანავე არის არაპროფესიონალურიც. რადგან ელჩობის კანდიდატი აკეთებს განცხადებას, ნიშნავს, რომ ჩვენთან ერთად აპირებს ამ საკითხებზე მუშაობას. სამუშაოში რაც უფრო ჩართული იქნება ოპოზიცია, უფრო უკეთესია, ვიდრე ამ სისულელეებზე საუბარი.
რეიტინგი არ დარჩენილა, სადაც წინ არ ვართ წასული, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა იქნება, მედია თუ სასამართლოს თავისუფლება. ეს უნდა აიღოთ საფუძვლად იმის განმარტებისთვის, თუ რას გულისხმობს აშშ-ის ელჩობის კანდიდატი და ნებისმიერი სხვა ელჩი, რომელიც საქართველოში იმყოფება“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საქართველოში შეერთებული შტატების ელჩობის კანდიდატმა კელი დეგნანმა სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ იმუშავებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა დარწმუნდეს, რომ საქართველოში 2020 წელს გასამართი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება.
კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთის დესტრუქციული და აგრესიული ქმედებების სამიზნე აღმოჩნდა. მისი თქმით, აშშ კვლავ გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.