ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საზოგადოება მოატყუა, რადგან არც ერთი კანონიერი მოთხოვნა არ დაუყენებია.
„ერთი ადამიანიც კი რომ აპროტესტებდეს ნებისმიერ რამეს, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. როდესაც ისინი თავად საუბრობენ იმაზე, რომ 20 ათასი კაცი უნდა შეკრებილიყო და 4 და 5 ათასი რომ შეიკრიბა, იმიტომ არ გვითმობს ხელისუფლება, ჩვენ არ ვითვლით ადამიანების რაოდენობას, ჩვენთვის თითოეული ადამიანი არის მნიშვნელოვანი. ვრეაგირებთ ამ პროტესტზე, მაგრამ ეს ადამიანები კვლავ მოატყუა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მის გვერდით მდგომმა პოლიტიკურმა ძალებმა, იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნებიც ისეთი არარეალური დააყენეს, რომ მხოლოდ ჩიხში შესვლის მცდელობას აქვს ადგილი და არა რაიმე დიალოგის შესაძლებლობას. მათი მხრიდან არც ერთი ისეთი მოთხოვნა არ დასმულა, რომელიც კანონთან შესაბამისობაშია, თავიდანვე ჩანდა მიზანი, რომ ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა გაპროტესტებულიყო და არა ის, რომ რაიმე შეეცვალათ“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს, თუმცა პროტესტი უნდა დარჩეს კანონიერების ფარგლებში.
„თუ საუბარია იმაზე, რომ ვერ მოხდა კონკრეტული გადაწყვეტილების აღსრულება, მაშინ თანაზიარი ვარ, მაგრამ ეს არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენ კონკრეტული მძიმე კანონდარღვევა მოვახდინოთ. საუბარია იმაზე, რომ გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული, ასევე პროტესტი უნდა დარჩეს კანონიერების ფარგლებში, ამაშიც თანაზიარი ვარ.
ვიდრე დავით უსუფაშვილი კომპიუტერში აწკაპუნებდა და კალამი ეჭირა, ჩვენ, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ჩავატარეთ ძალიან სერიოზული საკონსტიტუციო რეფორმა და პირველად, „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო 30 წლის განმავლობაში გაბედა გადაწყვეტილების მიღება, რომ ქვეყანა გადასულიყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. თავიდანვე ეწერა კონსტიტუციური ცვლილებების პროექტში, რომ 2020 წელს გადადიოდა საქართველო ამ ცვლილებაზე, რასაც თავიდანვე „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებმა ბოიკოტი გამოუცხადეს, იმ ადამინებმა ვინც ასე გულმხურვალედ აპროტესტებენ პროპორციულ სისტემაზე არგადასვლას 2020 წლისთვის“, - განაცხადა მდინარაძემ.