საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ გამარჯვების შანსი არც ერთი საარჩევნო სისტემის შემთხვევაში არ აქვს.
„ეს დაადასტურა გუშინდელმა აქციამაც. როდესაც ხუთი ათას კაცზე მეტს ვერ უყრი თავს, ასეთ დროს, ბუნებრივია, ვერ გექნება არჩევნებში წარმატების ამბიცია“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძის თქმით, საარჩევნო სისტემა იყო საბაბი, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური მიზანი დესტრუქციული მოქმედებებია.
„ესეც არ გამოუვათ. ვერც არჩევნებს მოიგებენ, ვერც დესტრუქციულ რელსებზე გადაიყვანენ პოლიტიკურ პროცესს. შესაბამისად, მოვუწოდებ, რომ მოემზადონ საპარლამენტო არჩევნებისთვის და დასჯერდნენ იმ რამდენიმე მანდატს, რომელსაც ისინი მიიღებენ დემოკრატიული არჩევნების საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.