პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პოლიციელებმა კანონმდებლობის სრული დაცვით შეძლეს, პარლამენტის საქმიანობისთვის აუცილებელი პირობების აღდგენა და აქციის კანონიერ ფარგლებში დაბრუნება.
„განსაკუთრებული ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს შშს-მ, პოლიციელებმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა კანონმდებლობის სრული და ზედმიწევნით დაცვით, სტანდარტების დაცვით შეძლეს, აღედგინათ პარლამენტის საქმიანობისთვის აუცილებელი პირობები. შეძლეს, რომ პროპორციული, მინიმალური ჩარევით მანიფესტაცია, შეკრება და აქციები, რომელიც იმართებოდა პარლამენტის წინ, კანონმდებლობის ფარგლებში დაებრუნებინათ. მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ დღეს პოლიციელებმა, შსს-მ შეძლეს, ეჩვენებინათ პირველ რიგში ჩვენი საზოგადოებისთვის, თუ როგორ მოქმედებს სახელმწიფო, როგორი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება აქვს მას თითოეული მოქალაქის მიმართ, მათ შორის იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შესაძლოა, ამ მომენტში პროტესტს გამოხატავდნენ გარკვეული გადაწყვეტილების გამო“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს სიმშვიდის შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს სიმშვიდისთვის, რომ ამ დღეების განმავლობაში მაქსიმალურად ინარჩუნებდით კონსტრუქციულობას“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.